22 დეკემბერი 2024,   10:24
ვრცლად
ქართველების სისხლიანი დაპირისპირება თურქეთში, რა მოხდა სტამბოლის გარეუბანში ნაქირავებ ბინაში - "კურიერმა" სასტიკი დანაშაულის ადგილის კადრები მოიპოვა

საქართველოს მოქალაქეს თურქეთში ქართველის მკვლელობისთვის ასამართლებენ. 32 წლის მამაკაცი სტამბოლის გარეუბანში ნაქირავებ ბინაში, დანით მოკლეს. დღეს "კურიერმა" სასტიკი დანაშაულის ადგილის კადრები მოიპოვა. სისხლის კვალი ბინას ამ დრომდე ეტყობა.

დაჭრილია კიდევ ერთი ქართველი. ხვიჩა წიფურია საავადმყოფოში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ინციდენტის დეტალები ცნობილია თურქეთში მცხოვრები ემიგრანტებისთვის. მათი გადმოცემით, შემთხვევის დროს, ბინაში სულ 6 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი საქართველოს მოქალაქეა.

"ეს იყო შურისძიება, რომელსაც სრულიად შემთხვევით შეეწირა გიორგი სიხარულიძე. 3-ჯერ დაარტყა დანა თირკმლის არეში, შემდეგ კი ადგილიდან მიიმალა. გიორგი ზუსტად 4 სათის განმავლობაში სისხლისგან იცლებოდა,"- აცხადებს ორგანიზაცია" ემიგრანტების იმედის" წევრი შოთა სიხარულიძე.

თურქმა სამართალდამცველებმა, გიორგი სიხარულიძის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 45 წლის ზვიად ბულია დააკავეს. მან დანაშაული უკვე აღიარა. ბულია წარმოშობით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდიშიდან არის და უკვე წლებია თურქეთში ცხოვრობს. საქართველოში მყოფ მის ახლობლებს არ აქვთ ინფორმაცია, თუ რა გახდა მკვლელობის მოტივი.

მოკლულის ახლობლები "კურიერთან" ჰყვებიან, რომ მკვლელობის მოტივი ურთიერთშელაპარაკება გახდა. რა მოხდა რეალურად ქართველებს შორის სტამბოლის გარეუბანში ნაქირავებ ბინაში - ამაზე ზუსტი პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. თვითმხილველები კი ამბობენ, რომ ზვიად ბულიას შელაპარაკება სუფრაზე მყოფ ხვიჩა წიფურიასთან მოუვიდა და მათი გაშველება სხვებმა სცადეს, მათ შორის, გიორგი სიხარულიძემ.

"ერთად სვამდნენ, როდესაც დაიშალნენ, ეს ვინც არის მკვლელი, მიბრუნდა სხვის მოსაკლავად, მას გიორგი გადაეფარა, როგორც მიყვებიან და სხვაზე მოქნეული დანა ამ საწყალ ბიჭს მოხვდა," - აცხადებს მოკლულის ნათესავი ირაკლი ბლაგიძე.

32 წლის გიორგი სიხარულიძის ცხედარი, საქართველოში უკვე ჩამოასვენეს. მკვლელობაში ბრალდებული ზვიად ბულია კი, სტამბოლის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. მას თურქეთის კანონმდებლობით გაასამართლებენ.

დღის ამბები