მსოფლიო "ომიკრონით" გამოწვეულ ინფიცირების რეკორდულ მონაცემებს ებრძვის. რეკორდულია ვირუსით დაავადებულთა რაოდენობა რუმინეთში. ქვეყანა ევროკავშირში ვაქცინაციის მაჩვენებლით ბოლოდან მეორე ადგილზეა.
რუსეთშიც, ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა რიცხვმა 125 ათასს გადააჭარბა. ამერიკის შეერთებულ შტატებში კი პედიატრები იმ ბავშვების გაზრდილ რაოდენობაზე საუბრობენ, რომელთაც პოსტ-კოვიდური სინდრომები აწუხებთ.
კუბა მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც 2 წელს ზემოთ ბავშვების ცრიან. 18 წლამდე მოზარდების ვაქცინაციის მაჩვენებელი კი 95%ზე მაღალია.
რეკორდული შემთხვევების რაოდენობის მიუხედავად დანია ევროკავშირის პირველი ქვეყანაა , რომელმაც დღეიდან ყველა კოვიდშეზღუდვა გააუქმა. გადაწყვეტილება ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლების გამო მიიღეს. დანიისგან განსხვავებით კი ავსტრია პირველი ქვეყანა გახდა ევროპაში, სადაც დღეიდან სავალდებულო ვაქცინაცია ძალაში შევიდა. 18 წელს ზემოთ ყველა მოქალაქე ვალდებული იქნება, აცრა გაიკეთოს.
კოვიდპაციენტების რაოდენობა გაზრდილია ტოკიოს საავადმყოფოებში. ტოკიოს გუბერნატორის განცხადებით, საწოლების 50%ის ათვისების შემდეგ ცენტრალური ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს.ზომებს იღებს საუდის არაბეთიც, სადაც დღეიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტითა და ტაქსით, მხოლოდ ვაქცინირებული მოქალაქეები ისარგებლებენ.
ექსპერტები ფიქრობენ, რომ პირბადეების ტარება ფრენის დროს უკანასკნელი შეზღუდვა იქნება, რომელიც წლების განმავლობაში შეიძლება შენარჩუნდეს.
ავტორი: თამუნა ხონელიძე