თებერვალი - ყველაზე რთული თვე პანდემიის განმავლობაში. სპეციალისტები ორ კვირაში ქვეყანაში ინფექციის პიკს და დაინფიცირებულთა კიდევ მნიშვნელოვან მატებას ვარაუდობენ, რის შემდეგაც ვითარება სტაბილური უნდა გახდეს.
ეპიდემიოლოგები განმარტავენ, რომ ომიკრონის მსუბუქმა მიმდინარეობამ მდგომარეობის ადეკვატური მართვა შესაძლებელი გახადა. თუმცა, ექიმები ამბობენ იმასაც, რომ ახლა მოდუნების უფლება არ გვაქვს და ყველას იმუნიზაციის პროცესში ჩართვისა და რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.
"მიუხედავად იმისა, რომ ყველა პაციენტის კვლევა ვერ ხერხდება, არის თუ არა ომიკრონის შტამი, შეგვიძლია გამოვიტანოთ ლოგიკური დასკვნა, რომ თითქმის ყველა პაციენტი, რომელიც ახლა სტაციონარში ხვდება, არის ამ შტამით დაავადებული და კლინიკური მიმდინარეობა ნამდვილად შედარებით უფრო მსუბუქია." - ამბობს რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის მოადგილე, ჯავარა უგრეხელიძე.
"ჯოენი-ს” სამედიცინო ცენტრის ეპიდემილოგი, მაია კაშია ამბობს, რომ ომიკრონის შემთხვევში, ე.წ. ბუსტერ დოზა მინიმუმ 80%-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციის და ლეტალობის მაჩვენებელს.
""ომიკრონი შედარებით უფრო მსუბუქად მიმდინარეობს, ვიდრე ეს იყო სხვა შტამების შემთხვევაში. ომიკრონით ინფიცირების შემთხვევაში, ჰოსპიტალიზაციის რიცხვიც ბევრად უფრო ნაკლებია და უმეტესობა პაციენტების მკურნალობენ ბინაზე.
ვაქცინაციის პროცესში ჩართულობა არის ერთადერთი სწორი გამოსავალი, რომელიც შეგვაძლებინეს ვაკონტროლოთ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა,“ - ამბობს მაია კაშია.