26 აპრილი 2024,   13:20
ვრცლად
5 ივლისის საქმე - დღევანდელ სხდომაზე "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტები და ოპერატორი გამოკითხეს

საქალაქო სასამართლოში 5 ივლისის საქმის განხილვა გრძელდება - დღევანდელ სხდომაზე "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტები და ოპერატორი გამოკითხეს - პროცესი რამდენიმე ეპიზოდს ეხება, მათ შორის "რუსთავი 2-ის" გადამღებ ჯგუფზე ძალადობის ფაქტს.

"არანაირი სინანული ბრალდებულების მხრიდან არ იგრძნობა. არათუ არ იგრძნობა, ისინი ცინიკურადაც კი კითხულობდნენ, მეცნობოდა თუ არა რომელიმე და მახსენდებოდა თუ არა კონკრეტული ეპიზოდები მათთან დაკავშირებით. არ აღიარებენ ეს ადამიანები ბრალს, საერთოდ არ თვლიან, რომ დამნაშავეები არიან და მათი ადვოკატების კითხვებიდან გამომდინარე იგრძნობა, რომ ცდილობენ ჟურნალისტებს დააბრალონ, თითქოს პროვოცირებული იყო მათი მხრიდან ძალადობა და ასეთი ფორმით გაამართლონ," - აცხადებს "რუსთავი2-ის" ჟურნალისტი სალომე ბოკუჩავა.

ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ ძალადობა დასაგმობია, თუმცა კონკრეტულად უნდა იქნეს დადგენილი, ვის მიერ იყო ის ჩადენილი.

"რა თქმა უნდა, აქ არავინ დაობს, რომ ეს არის მიუღებელი და დასაგმობი, აქ ლაპარაკია იმაზე, კონკრეტულად ეს ადამიანები, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამაში მონაწილეობდა თუ არა," - განაცხადა ადვოკატმა გელა ნიკოლეიშვილმა.

პროკურორი აცხადებს, რომ დღეს გამოკითხულმა თითოეულმა მოწმემ დაადასტურა თუ ვინ განახორციელა ძალადობრივი ქმედებები ილია თვალიაშვილის, ზურაბ ცერცვაძის და ვახტანგ ქარელის მიმართ.

"აქედან გამომდინარე კიდევ ერთი დამატებითი მტკიცებულებები იყო გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ, რაც ცალსახად ადასტურებს ბრალდებულების მიერ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენას," - განაცხადა პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძემ.

დღის ამბები