03 მაისი 2024,   12:35
ვრცლად
კრემლი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ჩვენს პარტნიორებს საქართველოსა და მთლიანად რეგიონში - ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე

კონგრესში, ჰელსინკის კომისიის სხდომაზე განხილვის მთავარი თემა უკრაინის საზღვრებთან შექმნილი ვითარება და რუსეთის შესაძლო შეჭრა იყო. ორივე პალატაში ორპარტიული თანხმობაა ნატოელი მოკავშირეების გაძლიერებასა და უკრაინის დახმარებაზე.

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, ბენ კარდინმა, კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ კრემლი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ პარტნიორებს საქართველოსა და მთლიანად რეგიონში. 

"კრემლი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ჩვენს პარტნიორებს საქართველოსა და მთლიანად რეგიონში. ასევე დიდი ხნის სათუთ ოცნებას და ამერიკის ორპარტიულ პოლიტიკას - ვიზრუნოთ ერთიან და თავისუფალ ევროპაზე. ვამაყობ, რომ ვარ უკრაინის სუვერენიტეტის დაცვის აქტის თანასპონსორი. ეს კანონი უზრუნველყოფს ჩვენს უკრაინელი პარტნიორების აღჭურვას, საკუთარი თავის დასაცავად, ევროპული უსაფრთხოების გაძლიერებას, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას. გააფართოებს სანქციებს რუსეთის ფინანსურ და ენერგეტიკის სექტორზე, რუსეთის მთავრობის მაღალჩინოსნებზე და სამხედრო პირებზე," - განაცხადა ბენ კარდინიმ.

საქართველო ახსენა ჰელსინკის კომისიის კიდევ ერთმა თანათავმჯდომარემ, როჯერ უიკერიმ. მისი განცხადებით, რონალდ რეიგანმა საბჭოთა კავშირს ბოროტების იმპერია უწოდა, ახლა კი ვლადიმერ პუტინი ამ ბოროტების იმპერიის განახლებას ცდილობს. 

"მე ასევე უნდა ვახსენო საქართველო, რომელშიც 2008 წელს, უკანონოდ, რუსი დიქტატორი ვლადიმირ პუტინი შეიჭრა. რონალდ რეიგანმა საბჭოთა კავშირს ბოროტების იმპერია უწოდა. ზოგიერთი დიპლომატი ურჩევდა, ეს არ ეთქვა. ევლადიმირ პუტინი იმ ბოროტების იმპერიის განახლებას ცდილობს. ამისთვის გააკეთა მან ის რაც გააკეთა დნესტრისპირეთში, რაც გააკეთა 2 პროვინციაში, როდესაც საქართველოში შეიჭრა და ეს არის მისი შეჭრის საფრთხის მიზეზი, სუვერენულ უკრაინაში,“ - განაცხადა როჯერ უიკერიმ.

ჰელსინკის კომისიის სდომაზე კონგრესმენების მხრიდან იყო ირონიული მიმართვებიც, რუსეთის პრეზიდენტის მისამართით.

"დაისხით არაყი. გააზავეთ. ჭამეთ ხიზილალა, უყურეთ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს და თქვენი სპორტსმენების შესრულებას. იმედია, ისინი მიიღებენ ოქროს მედლებს და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. რუსეთს კარგი სპორტსმენები და ხალხი ჰყავს. მოეშვით," - აღნიშნა კონგრესმენმა ტენესის შტატიდან, სტივ კოენიმ.

დღესვე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში მოკლედ გამოეხმაურნენ თურქეთის პრეზიდენტის, ერდოღანის ვიზიტს უკრაინაში. ნედ ფრაისმა თქვა, რომ მხარს უჭერენ როგორც ნატოელი მოკავშირის, ასევე მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის სოლიდარობას უკრაინის მიმართ.

 

დღის ამბები