20 ნოემბერი 2024,   15:19
ვრცლად
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ოთხ თანამშრომელს ქრთამის აღების მუხლით ბრალი წარედგინათ - დაკავებულები დუმილის უფლებას იყენებენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ოთხ თანამშრომელს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. თაღლითობის და დიდი ოდენობით ქრთამის აღების საქმეზე, პარალელურად, გამოიკითხა კომპანიის რამდენიმე თანამშრომელი. 

თუ როგორია კორუფციის სქემა, ამ დრომდე დაუზუსტებელია. დაკავებულების ადვოკატების განცხადებით, ორივე ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. 

"ბრალი წარედგინა 238-ე მუხლის მესამე ნაწილის დ ქვეპუნქტით, რაც ნიშნავს ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ დანაშაულს. ის მუხლი მოიცავს ქრთამს. მითითებული არიან ვიღაც პირები და ვინ არიან ისინი, მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ გავერკვევით. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იყენებს დუმილის უფლებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ამ ბრალს არ ეთანხმება. ასევე, მან განმარტა, რომ დაკავებისას მისი უფლებები არ დარღვეულა, ის დაკავებულ იქნა მოსამართლის განჩინების საფუძველზე საკუთარ სახლში,"- აცხადებს ერთ-ერთი ბრალდებულის, გიორგი მეშველიანის ადვოკატი დავით ხარატი. 

"იყენებს დუმილის უფლებას, ამ წუთას, კანონის მიხედვით, არც აღიარებს და არც თავს ცნობს დამნაშავედ, თუმცა, საქმის მასალების გაცნობის შემდეგ შეიძლება პოზიციები შეიცვალოს. წერია, რომ გარკვეული პირობიდან 50-100 ლარს იღებდა, თითქოს, სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ,"-აცხადებს ერთ-ერთი ბრალდებულის, ბექა ვარდიაშვილის ადვოკატი ქართლოს ხარატი.

დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს. 

დღის ამბები