16 ნოემბერი 2024,   06:40
ვრცლად
ქრთამზე დაკავებულ სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს ბრალი წარუდგინეს - როგორ მუშაობდა კორუფციული სქემა და გაიზრდება თუ არა დამნაშავეთა წრე

თბილისის მუნიციპალიტეტის სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული კომპანიის თანამშრომლებს ბრალი უკვე წარუდგინეს, აღკვეთის ღონისძიებაზე კი სასამართლო ხვალ იმსჯელებს. 4 პირს სახელმწიფო უსაფრთხოების ანტიკორუფციული სააგენტო ქრთამის აღებას და დიდი ოდენობით უკანონო თანხების შემოსავალს ედავება.

მიუხედავად იმისა, რომ ბრალი უკვე წარდგენილია, კვლავ უცნობია კონკრეტულად რა მაქინაციების სანაცვლოდ იღებდნენ ფულს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი პირები.

ქრთამის აღების საქმის მასალებიდან დგინდება, რომ დაკავებულების გარდა დანაშაულებრივ სქემაში სხვა პირებიც ფიგურირებენ - სწორედ ისინი, ვინც თანხის გაცემის სანაცვლოდ გარკვეულ სამსახურებრივ სარგებელს იღებდნენ. საქმე მოცულობითია და მტკიცებულებებს ადვოკატები ახლაც ეცნობიან.

სატრანსპორტო კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი თბილისის მერიაა. სწორედ ამიტომ სისხლის სამართლის საქმეზე დედაქალაქის მერმა დღეს კიდევ ერთი განცხადება გააკეთა. კახი კალაძე განმარტავს, რომ მერია გამოძიებასთან თანამშრომლობს, მისი პრიორიტეტი კი კორუფციასთან ბრძოლაა.

დიდი ოდენობით ქრთამის აღების საქმე ანტიკორუფციულმა სააგენტომ გუშინ გახსნა. დანაშაულებრივი სქემის მთავარი ფიგურანტები კი, სამართალდამცველებმა საკუთარი სახლებიდან, დედაქალაქის ოთხ წერტილში ერთდროულად ჩატარებული დაკავების ოპერაციისას, გამთენიისას აიყვანეს.

კორუფციაში ბრალდებული საჯარო მოხელეების დაკავებას, ჩხრეკა მოჰყვა მათსავე კაბინეტებში. გამომძიებლები მოწმეთა გამოკითხვებს განაგრძობენ. ამასთან, არა არის გამორიცხული, გაიზარდოს დაკავებულ პირთა რაოდენობაც. ანტიკორუფციულ სააგენტოში ქრთამის აღებისა და კორუფციის სქემაში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის საკითხზეც მუშაობენ.

დღის ამბები