პროკურატურამ რუსთავში, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე პირების, მათ შორის დავით კირკიტაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. წარდგენილი ბრალდება ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პარლამენტის წევრ დავით კირკიტაძე, საგამოძიებო უწყებას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
დავით კირკიტაძის თქმით, რუსთავში "ქართულმა ოცნება" ხელისუფლება დაკარგა და საკრებულოში უმრავლესობას ოპოზიცია წარმოადგენს.
"ქართულმა ოცნებამ" რუსთავში დაკარგა ხელისუფლება, საკრებულო და საკრებულოში უმრავლესობას წარმოვადგენთ დღეს ჩვენ - ოპოზიცია და ვიწყებთ, ვაკეთებთ კონკრეტულ საქმეს რუსთაველებისთვის.
მე ველოდი რა იქნებოდა მათი პასუხი. არ მჯეროდა, მაგრამ მაინც ვიფიქრე, რომ მათი პასუხი იქნებოდა უფრო მეტი საქმე და შეჯიბრი რუსთაველების პრობლემის მოგვარებაში, მაგრამ არა, "ქართული ოცნება" არც ფერს იცვლის და არც ზნეს, ისინი მთლიანად ამოფარებული არიან ძალოვან სტრუქტურებს," - განაცხადა პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრმა დავით კირკიტაძემ.
საქმე ეხება 24 ოქტომბერს რუსთავში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მომხდარ დაპირისპირებას. ვიდეომასალაში ჩანს, რომ ერთ-ერთ აქტივისტს, რომელიც ოფისთან მის თანამოაზრეებთან ერთად მივიდა, დავით კირკიტაძე, კამათის შემდეგ, ფიზიკურად უპირისპირდება.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ, დაპირისპირებაში მონაწილე სამ ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო უკვე შეუფარდა.