შემცირდება თუ არა ვირუსის გავრცელების მასშტაბები - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა კვირის ბოლოს უკვე შესაძლებელი უნდა იყოს. ქართველი ეპიდემიოლოგების ვარაუდით, ქვეყანა ჯერ კიდევ პიკშია და შიშობენ, რომ "ომიკრონის" შედარებით მსუბუქი მიმდინარეობის მიუხედავად, იმუნიზაციის საკმაოდ დაბალი აქტიურობით საქართველოს პანდემიასთან ბრძოლა გაუჭირდება.
"ომიკრონი ხასიათდება დაავადების შედარებით ხანმოკლე მიმდინარეობით, ნაკლებია ფილტვის ანთების სიხშირე, ნაკლებ პაციენტს სჭირდება ჟანგბადის მიწოდება, ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტში მკურნალობა. ჩვენი მოწოდება ვაქცინაციის, "ბუსტერ" დოზების, ნიღბის ტარების, დისტანცირების მაინც რჩება ძალაში და რაც უფრო კარგად შევასრულებთ, მით უფრო ნაკლები იქნება ინფიცირების მაჩვენებელი და მეტი იქნება ჩვენი მოსახლეობის გადარჩენისა და მართლაც სახიფათო ზონისგან თავის დაღწევის შესაძლებლობა,"- აცხადებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე.
გუშინ ქვეყანაში დაზუსტდა იზოლაციის და კარანტინის ვადები. უსიმპტომო პირებისთვის იზოლაციის ვადა ერთით, სტრატეგიული მნიშვნელობის დაწესებულებებში დასაქმებულებისთვის კი სამი დღით შემცირდა.