სომხეთი რამდენიმე ქვეყნიდან, მათ შორის აზერბაიჯანიდან, ელექტროენერგიის იმპორტის შესაძლებლობას განიხილავს. სომხური მედიის ცნობით, აღნიშნული განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ბრიფინგზე გააკეთა.
„არსებობს ელექტროენერგიის გადაცემის სხვადასხვა რეჟიმი. ზოგჯერ ქვეყნებს ელექტროენერგიის ჭარბი მოცულობა აქვთ, სხვა დროს კი გაზრდილი მოთხოვნის წინაშე დგანან. იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთი ხელოვნურ ინტელექტში ინვესტიციებს ახორციელებს, უნდა გავარკვიოთ, საჭიროების შემთხვევაში, შევძლებთ თუ არა ელექტროენერგიის იმპორტს რომელიმე ქვეყნიდან, მათ შორის აზერბაიჯანიდან“, - განაცხადა ფაშინიანმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ სომხეთი ამ საკითხს საქართველოსთან, თურქეთთან და ირანთან განიხილავს.
ეს განცხადება აზერბაიჯანისა და სომხეთის ენერგეტიკის უწყებების წარმომადგენლებს შორის 25 აგვისტოს ლაჩინში გამართულ სამუშაო შეხვედრას მოჰყვა. მხარეებმა განიხილეს ელექტროენერგიის იმპორტისა და ექსპორტის შესაძლებლობები, ასევე სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაკავშირების შესაძლო ვარიანტები.
შეხვედრა ბაქოსა და ერევანს შორის ენერგეტიკულ სექტორში კიდევ ერთ პრაქტიკულ კონტაქტად იქცა. შეთანხმებების განხორციელების შემთხვევაში, ელექტროენერგია შესაძლოა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ახალ მიმართულებად იქცეს.