06 მაისი 2024,   09:20
ვრცლად
"თუ რუსეთი ომის გზას აირჩევს, ამას დასავლეთის ერთიანი პასუხი მოჰყვება, ეს უფრო მეტია ვიდრე რუსეთი და უკრაინა, ეს არის მსოფლიოს ბედი" - ჯო ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უკრაინის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართა. თეთრი სახლის ლიდერი მიესალმება რუსეთის განცხადებას, უკრაინის საზღვრებთან განლაგებული რუსული ჯარის დისლოკაციის ადგილზე დაბრუნებასთან დაკავშირებით, თუმცა მისი თქმით, ჯერჯერობით ამის მტკიცებულება აშშ-ს არ დაუფიქსირებია და შესაბამისად, უკრაინაში შეჭრის შესაძლებლობაც ისევ რჩება.

ჯო ბაიდენმა რუსეთს და რუს ხალხსაც მიმართა

"აშშ და ნატო არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის, უკრაინა არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის. არც აშშ-ს და არც ნატოს არ აქვთ რაკეტები უკრაინაში და ჩვენ არ ვგეგმავთ მათ იქ განლაგებას. რუსი ხალხი ჩვენი სამიზნე არაა, ჩვენ არ ვცდილობთ რუსეთის დესტაბილიზაციას. მივმართავ რუსეთის მოქალაქეებს - თქვენ ჩვენი მტრები არ ხართ და არ მჯერა, რომ თქვენ გინდათ სისხლიანი და დამანგრეველი ომი უკრაინის წინააღმდეგ - ქვეყანასთან, რომელთანაც თქვენ გაქვთ ასეთი ღრმა ოჯახური, ისტორიული და კულტურული კავშირები," - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამერიკის პრეზიდენტის თქმით, რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებას გაცილებით მასშტაბური შედეგი ექნება:

"თუ რუსეთი ომის გზას აირჩევს, ამას დასავლეთის ერთიანი პასუხი მოჰყვება. ეს უფრო მეტია ვიდრე რუსეთი და უკრაინა, ეს არის მსოფლიოს ბედი,"- აღნიშნა ბაიდენმა.

ჯო ბაიდენის თქმით, აშშ-ს თავის პარტნიორებთან ერთად შესაბამისი პასუხი ექნება:

"ჩვენ არ გვინდა პირდაპირი დაპირისპირება. მაგრამ მე გარკვევით და მკაფიოდ ვამბობ - თუ რუსეთის ფედერაციამ დარტყმა განახორციელა და ეს დააზარალებს ამერიკელებს უკრაინაში, თუ იქნება კიბერშეტევები, ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან ერთად ამაზე პასუხი გვექნება," - განაცხადა ჯო ბაიდენმა. მან ხაზი გაუსვა, რომ დიპლომატია და დეესკალაცია რჩება პრობლემის მოგვარების საუკეთესო გზად.

დღის ამბები