03 მაისი 2024,   05:36
ვრცლად
"ის ლინდა ევანგელისტა აღარ არსებობს" - 90-იანების სუპერმოდელმა "ცხიმის გაყინვის" კოშმარის შემდეგ სხეულის ფოტოები პირველად გამოაქვეყნა

კანადელი სუპერმოდელი ლინდა ევანგელისტა პირველად გამოჩნდა ახალ ფოტოსესიაში მას შემდეგ, რაც წარუმატებელმა კოსმეტიკურმა პროცედურებმა მისი სხეული და სახე სრულებით შეცვალა.

90-იანი წლების სუპერმოდელმა, 56 წლის ლინდა ევანგელისტამ გასული წლის სექტემბერში განაცხადა, რომ ის პოპულარულმა კოსმეტიკურმა პროცედურამ დაამახინჯა. მაშინ ევანგელისტამ რამდენიმე წლიანი დუმილი დაარღვია და ისაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ აღარ ჩნდებოდა საჯაროდ და რამ გახადა იძულებული თავისი კოლეგების - სინდი კროუფორდისა და ნაომი კემპბელისგან განსხვავებით კარიერა დაესრულებინა. მისი თქმით ეს ცვლილებები Coolsculpting-ის პროცედურის გვერდითმა მოვლენებმა გამოიწვია.

ამჯერად ევანგელისტამ გულწრფელი ინტერვიუ ჟურნალ People-ს მისცა და ფოტოსესიაშიც მიიღო მონაწილეობა.  გამოცემასთან საუბარში ვარსკვლავმა იმ ემოციურ და ფიზიკურ ტკივილზე ისაუბრა, რომელმაც ბოლო წლებში მისი ცხოვრება მოიცვა.

"მე მომწონდა პოდიუმზე ყოფნა, მაგრამ ახლა ნაცნობთან შეხვედრის მეშინია. აღარ შემიძლია  ასე ცხოვრება, დამალვა და სირცხვილი. აღარ შემიძლია ამ ტკივილით ცხოვრება. ბოლო-ბოლო მინდა საუბარი,"- ამბობს მოდელი.

როგორც ის ამბობს, პროცედურის დასრულებიდან სამი თვის განმავლობაში ნიკაპზე, თეძოებსა და მკერდზე ფორმის ცვლილება და მომატება შეამჩნია, რაც შემდგომში დაუბუჟდა კიდეც. მან სიტუაციის გამოსწორება თავად სცადა, დაიწყო ძლიერი დიეტა და ვარჯიში. ის თითქმის აღარაფერს ჭამდა. საბოლოოდ ექიმმა დიაგნოზი დაუსვა - პარადოქსული ცხიმოვანი ჰიპერპლაზია. როგორც ექიმმა აუხსნა სიტუაციას ვერანაირი დიეტა და ვარჯიში ვეღარ გამოასწორებდა.

მისი თქმით, 2017 წლის შემდეგ სარკეში საკუთარი თავის ყურება შეწყვიტა.

"ყოველთვის ვიცოდი, რომ დავბერდებოდი. ვიცოდი, რომ სხეული გადის გარკვეულ ცვლილებებს. მაგრამ მე უბრალოდ არ მეგონა, თუ ასეთი ვიქნებოდი. ჩემი სხეულის ეს ნაწილები ჩემგან გამოდის, მძიმე ცხიმია და არა რბილი. საკუთარ თავს ფიზიკურად ვეღარ ვცნობ, უფრო მეტიც ვეღარ ვცნობ საკუთარ თავს როგორც პიროვნებას. ის ლინდა ევანგელისტა აღარ არსებობს," - ამბობს მოდელი.

ევანგელისტას თქმით, მან გადაწყვიტა თავისი ამბავი მოეყოლა იმისთვის, რომ მხარი დაეჭირა იმ ქალებისთვის, რომლებიც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდნენ:

"იმედი მაქვს, რომ ცოტათი მოვიშორებ სირცხვილს და დავეხმარები სხვა ადამიანებს, რომლებიც ჩემნაირ სიტუაციში იმყოფებიან. აღარ ვაპირებ დამალვას," - ამბობს ის.

 

დღის ამბები