ე.წ ქოლცენტრების საქმეზე დაკავებული მარიამ ქავთარაძისა და არჩილ გაგნიძის ადვოკატმა სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს. საუბარია აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებაზე.
მიიღებს თუ არა საქმეს განსახილველად სააპელაციო სასამართლო, მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ადვოკატი ამტკიცებს, რომ მოსამართლე ლევან გელოვანის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი იყო და ამბობს, რომ მიმალვის საშიშროება არ არსებობს და მზად არიან 50-50 ათასი ლარის ოდენობით გირაო გადაიხადონ.
ქავთარაძესა და გაგნიძეს კიდევ 3 დაკავებულთან ერთად სასამართლომ წინასწარი პატიმრობა ორი დღის წინ შეუფარდა. გამოძიების მიხედვით, ტრანსნაციონალურ დანაშაულში ჩართულმა დაკავებულებმა წლების განმავლობაში, ძირითადად ევროპელი პენსიონერებისთვის მილიონობით თანხის გამოძალვა შეძლეს.