მიხეილ სააკაშვილი უვადო შიმშილობას აცხადებს - ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე სასამართლო სხდომაზე თქვა. საფუძვლად კი მის მიმართ არასათანადო მოპყრობა დაასახელა.
მიხეილ სააკაშვილმა იქვე ისაუბრა ექიმების მოსაზრებაზე, თუ რატომ არ შეიძლება მან პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართოს.
"თქვენ ვერ მიიღებთ იმას, რომ წყნარად, ისე ჩავქრე, ვითომ ვერაფერი. თქვენ ნახავთ, თუ საჭიროა, როგორ კვდებიან თავაწეულად ნამდვილი პრეზიდენტები და ნამდვილი ლიდერები. მე ვაცხადებ დღეიდან უვადო სრულ შიმშილობას და ეს არის რეაქცია იმაზე, როგორც გვეპყრობა რეჟიმი მე და ჩემს ხალხს. ჩემი მოთხოვნაა ადეკვატური ჯანმრთელობის დაცვის განხორციელება," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ყოფილმა მსჯავრდებულმა პრეზიდენტმა ისაუბრა როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე.
ამ ყველაფრის შემდეგ უკვე მიხეილ სააკაშვილი შეეხო 7 ნოემბრის საქმესაც. მან განაცხადა, რომ ერთ-ერთი მოწმე მისი ინციატივით და მისი სურვილით, უნდა იყოს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და როგორც თავად სააკაშვილი ამბობს, ის დარწმუნებულია, რომ ჯო ბაიდენი ჩვენებას მის სასარგებლოდ მისცემს.