პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა ფაქტს, როდესაც მოხალისეების თვითმფრინავი უკრაინის მიმართულებით ვერ გაფრინდა. მამუკა მდინარაძის შეფასებით, ამ ნაბიჯის გადადგმა ქვეყნის მხრიდან ნიშნავს განაცხადის გაკეთებას, რომ ომში ერთვება.
"მოხალისეებთან დაკავშირებით ძალიან მარტივად გეტყვით, როდესაც სახელმწიფო ამბობს, რომ ჩემი ნებართვით, ეს კონკრეტული თვითმფრინავი გაიგზავნება მოხალისეებთან ერთად, მაშინ ის აკეთებს კონკრეტულ განაცხადს. ამას ჰქვია კონკრეტული განაცხადი, რომ ერთვები ომში. მაშინ, როდესაც შენი წინადადება უფრო მძაფრად აღიქმება ყველას მხრიდან. მაშინ მიკიბ-მოკიბვას დავანებოთ თავი ყველამ და კონკრეტული საკითხი დავაყენოთ ასე - ომი უნდა იყოს თუ არ უნდა იყოს. ომში უნდა ჩავერთოთ? ამაზე ვიმსჯელოთ," - ამბობს მამუკა მდინარაძე.
გუშინ, საქართველოდან ვერ გაფრინდა მოხალისეთა ჯგუფი, რომელიც ამბობდა, რომ უკრაინაში ჩასვლა და მეგობარი ქვეყნისთვის დახმარება სურდა.