06 მაისი 2024,   04:07
ვრცლად
საქართველოდან ელჩის კონსულტაციებისთვის გაწვევის შემდეგ უკრაინის საელჩოში პირველი კომენტარი გაკეთდა

უკრაინის პრეზიდენტის მიერ საქართველოდან ელჩის კონსულტაციებისთვის გაწვევის შემდეგ უკრაინის საელჩოში პირველი კომენტარი გაკეთდა. განვითარებულ პროცესებზე კომენტარი უკრაინის დროებითი რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრეი კასიანოვმა გააკეთა. მან ელჩის გაწვევის მიზეზებზე ისაუბრა, ასევე მიმოიხილა უკრაინაში არსებული ვითარება ომის მე-6 დღეს. მისი თქმით, სიტუაცია რთულია, თუმცა კონტროლს ექვემდებარება:

"ელჩის გაწვევას ჰქონდა 2 საკვანძო მიზეზი - პირველი არის საქართველოს მთავრობის პოზიცია სანქციებთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებასთან დაკავშირებით იყო დაწესებული და მეორე მიზეზი, ეს არის გადაწყვეტილების არ მიღება, რომელიც უკავშირდება მოხალისეების გაგზავნას უკრაინაში ჩვენი ჯარის დასახმარებლად. არსებობს კიდევ ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც უნდა იყოს განხილული ამ კონსულტაციების დროს," - განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.

უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა საქართველოს მიერ გაგზავნილ ჰუმანიტარულ ტვირთზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს მხრიდან მხარდაჭერისა და სოლიდარობის არაერთი მაგალითი არსებობს, მათ შორის საქართველოში დარჩენილი უკრაინელების მიმართ.

ანდრეი კასიანოვის თქმით, მოხდა სამედიცინო ბრიგადების ფორმირება, რომლებიც უკრაინაში დასახმარებლად გაემგზავრებიან. უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა ქართულ მხარესა და ქართველ ხალხს მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

დღის ამბები