06 მაისი 2024,   05:36
ვრცლად
რა გზის გავლა მოუწევს უკრაინას ევროკავშირის წევრობამდე, თუ ევროპარლამენტი კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიანიჭებს

რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის ფონზე, უკრაინა ევროკავშირს უფრო და უფრო უახლოვდება. ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე მოაწერა განაცხადს ხელი უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე, რასთან დაკავშირებითაც ევროპარლამენტი დღეს მსჯელობს. 

რა გზის გავლა მოუწევს უკრაინას კანდიდატი ქვეყნიდან - ევროკავშირის წევრობამდე, ამის შესახებ "რუსთავი 2" ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერს, ვანო ჩხიკვაძეს ესაუბრა:
 
"სტანდარტულად, ასეთი პროცედურა დროში განსაზღვრული არ არის. თუ ისტორიას გადავხედავთ, ზოგი ქვეყანა ამას უნდება რამდენიმე წელი, ზოგი უფრო მეტი, ზოგი - ნაკლები. ერთსა და იმავე გზას ევროკავშირში, ფაქტობრივად, არცერთი ქვეყანა არ გადის, თუმცა, უკრაინის შემთხვევა არის ამ  ყველაფრისგან განსხვავებული, ეს განსაკუთრებული შემთხვევაა და მით უფრო, შეუძლებელია რაიმე ვადებთან დაკავშირებით საუბარი, ეს შეიძლება მოხდეს ალიან მალე, ან გაიწელოს დროში. შემდეგი საფეხური არის ის, რომ მომზადდეს ევროკომისიის შეფასება მის შესახებ და წევრმა ქვეყნებმა მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი, რაზეც მიდის ამ წუთას საუბარი, დიდი ნაბიჯი იქნება ის, თუ უკრაინა გახდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. 
 
თუ კანდიდატობიდან წევრობაზე ვისაუბრებთ, სტანდარტულ შემთხვევებში, საკმაოდ გრძელი გზაა გასავლელი - მერე იწყება გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, რომელიც მოიცავს 35 სხვადასხვა სფეროს, ამ სფეროებში უკრაინამ უნდა მოახდინოს თავისი კანონმდებლობის ჰარმონიზება ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ყველა ამ სფეროში მოლაპარაკების პროცესი ცალ-ცალკე უნდა წარიმართოს და საბოლოოდ მოხდეს მათი დახურვა. დახურვის შემდეგ ევროკომისიამ უნდა დადოს ანგარიში, რომ ქვეყანა მზად არის წევრობისთვის და უკვე ისევ წევრმა ქვეყნებმა უნდა დაუჭირონ მხარი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას. ეს, რეალურად, ძალიან ხანგრძლივი პროცესია და სტანდარტულად, რამდენიმე წელს მოითხოვს, თუმცა, უკრაინის შემთხვევაში როგორ იქნება, ალბათ ყველას გაუჭირდება ივარაუდოს. 
 
მსგავსი სიტუაცია არასდროს ყოფილა, თუმცა გაწევრიანების ყველაზე სწრაფი პროცესი იყო 1995 წელს, როდესაც სამი ქვეყანა - შვედეთი, ავსტრია და ფინეთი შეუერთდნენ ევროკავშირს, თუმცა ეს ქვეყნები, ფაქტობრივად, მზად იყვნენ სრულფასოვანი წევრობისთვის, დღიდან განაცხადის შეტანისა. მათ შემთხვევაში, დაახლოებით 2-3 წელი დასჭირდა გაწევრიანებას," - განაცხადა ვანო ჩხიკვაძემ. 
 
დღის ამბები