06 მაისი 2024,   02:45
ვრცლად
"გედების ტბით" დასრულებული ეთერი - ტელეკომპანია "დოჟდი" მუშაობას დროებით აჩერებს

ტელეკომპანია "დოჟდი" მუშაობას დროებით აჩერებს. ამის შესახებ განცხადება ტელევიზიის ხელმძღვანელობამ გააკეთა.

"ჩვენ გვჭირდება ძალა, რომ ამოვისუნთქოთ და გავიგოთ, როგორ ვიმუშაოთ შემდგომში. ჩვენ ნამდვილად ვიმედოვნებთ, რომ დავბრუნდებით ეთერში და გავაგრძელებთ მუშაობას," - განაცხადა "დოჟდის" აღმასრულებელმა დირექტორმა ნატალია სინდეევამ ეთერში.

ტელეკომპანიამ ტელემაუწყებლობა ჩაიკოვსკის გედების ტბის ვიდეოთი დაასრულა. აღნიშნული ჩანაწერის ტელევიზიაში გაშვება რუსეთში ასოცირდება პოლიტიკაში მიმდინარე უმნიშვნელოვანესი მოვლენებიდან ყურადღების გადატანასთან.

1991 წლის აგვისტოს დღეებში საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელი პირებისგან შემდგარმა ГКЧП-მა სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო, იზოლაციაში მოაქციეს სსრკ-ის პრეზიდენტი, მიხეილ გორბაჩოვი, ყურადღების გადასატანად კი ტელევიზიაში "გედების ტბა" გაუშვეს.

შეგახსენებთ, რუსეთის პროკურატურის მხრიდან წამოსული ზეწოლის შედეგად მუშაობა იძულებით შეწყვიტა რაიდიოარხმა "ეხო მასკვი". ასევე დაბლოკვა ემუქრება რადიო თავისუფლების რუსულ რედაქციასაც.

რუსეთის პროკურატურა აღნიშნულ მედიასაშუალებებს უკრაინაში განვითარებული მოვლენების არასწორ გაშუქებაში ადანაშაულებს და უკრძალავს სიტყვა ომის გამოყენებას.

დღის ამბები