29 აგვისტო 2026,   08:40
ვრცლად
მოსკოვის ქმედება ორი მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებულ პრინციპებზე თავდასხმაა - ენტონი ბლინკენი

საერთაშორისო საზოგადოება უკრაინა-რუსეთის ომის კვალდაკვალ საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ბრიუსელში ზედიზედ ორი საგანგებო შეხვედრა გაიმართა. NATO-სა და ევროკავშირის ქვეყნების დღის წესრიგი კრემლმა თავდაყირა დააყენა. ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები სასწრაფო რეაგირებას ითხოვენ.

სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დასავლეთის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები, ქვეყნის ეკონომიკაზე უკვე აისახა. დასავლეთში საუბრობენ საქართველოსა და მოლდოვას უსაფრთხოებაზეც. 

ბლინკენი ამბობს, რომ რუსეთმა ორი მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებულ პრინციპებს ესხმის თავს, რომელიც ყველა გზით უნდა იყოს დაცული.  

"მოსკოვის ქმედება ორი მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებულ პრინციპებზე თავდასხმაა, რომელიც იმისთვის შეიქნა, რომ მორიგი ომი არ გვენახა. ერთ-ერთი პრინციპი სწორედ ისაა, რომ სახელმწიფოს არ შეუძლია განახორციელონ აგრესია სხვა სახელმწიფოზე და ძალის გზით შეცვალოს მისი საზღვრები. უკარნახოს მას გადაწყვეტილებები. უკრაინაზე აგრესიით პრეზიდენტი პუტინი ახლა სწორედ ამას აკეთებს. თუ ამის უფლებას მივცემთ, ჩვენ პრაქტიკულად გავხსნით "პანდორას ყუთს" მთელი მსოფლიოსთვის, რომ ეს განმეორდეს. ასე რომ ფსონები ახლა საკმაოდ მაღალია. ეს ეხება რეალური ადამიანების სიცოცხლეს. ყველა გზით უნდა დავიცვათ ჩვენი პრინციპები. ჩვენ სწორედ ამას ვაკეთებთ და ევროპასა და ამერიკას ერთად პატარა ზომები არ მიუღია," - აცხადებს ენტონი ბლინკენი.

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლეიენი აქტიური მოქმედების აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ევროკავშირისა და ამერიკის თანამშრომლობა ახლა უმთავრესია. 

"ნათელია, რომ უნდა ვიმოქმედოთ. ევროკავშირისა და ამერიკის თანამშრომლობა ახლა უმნიშვნელოვანესია. ეს არის გლობალური საზოგადოებრივი ერთიანობა რუსეთისთვის, უკრაინაში შეჭრის პასუხად, რომლის შედეგებსაც უკვე ვხედავთ: პრეზიდენტი პუტინი ახლა არის იზოლირებული, პარალიზებულია რუსეთის ცენტრალური ბანკი. მნიშვნელოვანი კომერციული ბანკები კი swift-დან ჩახსნის შემდეგ გლობალურ ოპერაციებს მოწყვეტილები არიან.

რუსეთის საფონდო ბირჟა ერთი კვირაა დაკეტილია. ვნახეთ დასავლური კომპანიების პასუხიც, რომლებიც წყვეტენ რუსეთში პროდუქციის წარმოებას. ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. მათ შორის ფინანსურ ნაწილში - ყველაფერს გავაკეთებთ ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის," - ამბობს ურსულა ფონ დერ ლეიენი.

დღის ამბები