26 აპრილი 2024,   01:11
ვრცლად
28 ბავშვი დაიღუპა რუსული აგრესიის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში - 11 დღის მანძილზე ყველაზე ცხელ წერტილად ხარკოვი რჩება

ოკუპანტმა რუსმა სამხედროებმა ქალაქ ირპენში მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როცა მოქალაქეების ევაკუაცია ხორციელდებოდა. თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათგან 2 მცირეწლოვანი ბავშვი. მძიმედ დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

საღამოს სარაკეტო თავდასხმა მოხდა ვინიცაში. ოკუპანტებმა აეროპორტი დაბომბეს. შეტევიდან რამდენიმე წუთში კიდევ ერთი მიმართვა გაავრცელა უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ იგეგმება ოდესის დაბომბვაც. უკრაინის პრეზიდენტი დასავლეთს უკრაინის ცის ჩაკეტვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

უკვე მეთერთმეტე დღეა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ამ ხნის განმავლობაში ყველაზე ცხელ წერტილად ხარკოვი რჩება. ქალაქზე საარტილერიო, სარაკეტო და საჰაერო დაბმობვები არ წყდება. ამის მიუხედავად, ოკუპანტებმა ტერიტორიის დაკავება ვერ მოახერხეს და ოლქს ისევ უკრაინელი სამხედროები აკონტროლებენ. შეტაკებების შედეგად თითქმის სრულად განადგურდა ინფრასტრუქტურა და დაშავდა ათობით მოქალაქე.

მშვიდობიანი მოსახლეობა ამოიღო სამიზნეში აგრესორმა რუსეთმა ქალაქ ჩერნიგოვოშიც. სხვა რეგიონების მსგავსად აგრესორის არმიამ აქაც საცხოვრებელი კორპუსები დაბომბა. დაჭრილია 33 ადამიანი.

კალინოვკაში ოკუპანტმა სამხედროებმა დედა და ორი შვილი მოკლეს. ჟიტომირის ოლქში კი ოკუპანტების მიერ სარაკეტო დარტყმის შედეგად 30 საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. რთული ვითარებაა მარიუპოლსა და სუმშიც. ქალაქები ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დააზიანეს დონეცკი-მარიუპოლის გაზსადენი. ბრძოლა მიმდინარეობდა მთელი დღის განმავლობაში ნიკოლაევისთვისაც.

აგრესორებმა საცხოვრებელი სახლები კიდევ ერთხელ დაბომბეს ჰოსტომელშიც. სევერნიში ოკუპანტების სამიზნე საბავშვო ბაღი გახდა. სახიფათოა გზებზე გადაადგილებაც, რადგან რუსი სამხედროები მშვიდობიანი მოქალაქეების ავტომობილებს ცეცხლს უხსნიან.

რუსეთის აგრესიას მეთერთმეტე დღეა მთელი უკრაინა სიცოცხლის ფასად ებრძვის. ამ დროის განმავლობაში ოკუპანტებს 351 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა, მათ შორის 28 ბავშვი, დაშავდა 707 ადამიანი. დიდი სამხედრო დანაკარგი აქვს აგრესორს.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან დღემდე მოკლულია 10 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი, გგანადგურებულია ოკუპანტების 1870 მძიმე და მსუბუქი საარტილერიო ტექნიკა და 39 მოიერიშე თვითმფრინავი.

დღის ამბები