29 აგვისტო 2026,   02:38
ვრცლად
"მოვაგვაროთ დავა, როგორც ცივილიზებულმა ერებმა, დაყარეთ იარაღი და წარადგინეთ მტკიცებულებები" - გაეროს საერთაშორისო სასამართლომ უკრაინის სარჩელის განხილვა დაიწყო 

მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების პარალელურად, გაეროს საერთაშორისო სასამართლომ უკრაინის სარჩელის განხილვა დაიწყო - სხდომა ამ წუთებშიც გრძელდება. საქმე ეხება რუსეთის მიერ ცნების, გენოციდის დამახინჯებას და მის გამოყენებას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გასამართლებლად. უკრაინამ რუსეთს მის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ძალების შეჭრიდან მესამე დღეს უჩივლა.

უკრაინის წინააღმდეგ კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი გზავნილია დონბასში ეთნიკური რუსების წინააღმდეგ გენოციდი, რაც გამყარებული არ არის არანაირი ფაქტობრივი საფუძვლით. უკრაინა გაეროს საერთაშორისო სასამართლოსგან ითხოვს რუსეთის მიმართ ზომების გამოყენებას და საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეჩერებას. დღეს სასამართლო ისმენს უკრაინის არგუმენტებს, რომლებსაც რუსეთმა პასუხი, წესით, ხვალ უნდა გასცეს.

უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ყირიმში, ანტონ კორინევიჩმა განაცხადა, რომ მილიონობით ადამიანს გარდაუვალი საფრთხე ემუქრება. ასევე, მან ხაზი გაუსვა უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის კუთხით მნიშვნელოვანი რაოდენობის მსხვერპლს. ანტონ კორინევიჩმა განაცხადა, რომ პუტინი იტყუება და გენოციდს არა უკრაინა, არამედ რუსეთი და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობა და სამხედრო პირები ადამიანურობის წინააღმდეგ და ომის დანაშაულებებს უკრაინის ტერიტორიაზე ახორციელებენ.

​"ჩვენ დღეს ვართ შენობაში, რომელსაც მშვიდობის სასახლე ჰქვია, მაგრამ ჩემი ქვეყანა სამხედრო აგრესიის წინაშეა. მე ვდგავარ დარბაზში, რომელსაც სამართლიანობის დიდი დარბაზი ჰქვია, თუმცა, ჩემს სახლში, ჩემი თანამემამულეები მხოლოდ უსამართლობას ხედავენ. ჩვენს ქალაქებზე რუსეთის ბომბები და რაკეტები ცვივა. მაშინ, როცა აქ, სასამართლოს წინაშე ვდგავარ, უკრაინელები სასიკვდილო თავდასხმების ქვეშ არიან. მილიონობით ადამიანს გარდაუვალი საფრთხე ემუქრება. არის მნიშვნელოვანი მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.

ეს ყველაფერი უკრაინელი ხალხის საშინელი რეალობაა. რა თქმა უნდა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინა განიცდის რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის უპატივცემულობას. ის ფაქტი, რომ რუსეთის ადგილები ცარიელია, ხმამაღლა მეტყველებს. რუსეთი ამბობს, რომ ეს ომი არის გენოციდის შესაჩერებლად. ეს საშინელი ტყუილია.

პუტინი იტყუება, ჩვენი უკრაინელი მოქალაქეები კი კვდებიან. გენოციდს უკრაინა არ სჩადის. სწორედ რუსეთი და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობა და სამხედრო პირები ახორციელებენ ადამიანურობის წინააღმდეგ და ომის დანაშაულებებს უკრაინის ტერიტორიაზე. ჩემი გზავნილი რუსეთს მიმართ არის ეს - მოვაგვაროთ ჩვენი დავა, როგორც ცივილიზებულმა ერებმა. დაყარეთ იარაღი და წარადგინეთ მტკიცებულებები. უკრაინა პატივს სცემს ამ სასამართლოს და ასრულებს მის ბრძანებებს. რუსეთიც ანალოგიურად უნდა მოიქცეს. თუ რუსეთი არ დაუბრუნდება საერთაშორისო სამართალს, სასამართლოს აქვს უფლება და პასუხისმგებლობა, იმოქმედოს შესაბამისად," - ამბობს ანტონ კორინევიჩი.

ადვოკატი ჟან-მარკ ტუვენინი ამბობს, რომ ომი, რომელიც რუსეთმა თითქოს გენოციდის თავიდან ასაცილებლად წამოიწყო, დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს.

"ჩვენი დღევანდელი შეკრება უკიდურესი გადაუდებელი აუცილებლობითაა გამოწვეული. დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს ეს ომი, რომელიც რუსეთმა, თითქოს, გენოციდის თავიდან ასაცილებლად წამოიწყო. სინამდვილეში, ეს ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინის ლიდერების, უკრაინელი ხალხისა და მათი არსებობის წინააღმდეგ დაწესებული სასჯელია. ზოგი იტყვის, რომ 2022 წლის 24 თებერვალი შავი დღეა გენოციდის კონვენციის ისტორიაში, თუმცა რუსეთი საზეიმო განწყობაზეა. მჯერა, რომ სასამართლო შეძლებს მიმდინარე ვითარების გამოსწორებას, თუმცა ამას გარკვეული დრო დასჭირდება, დრო კი ის არის, რაც არ გვაქვს. სწორედ ამიტომ ითხოვს უკრაინა თქვენი სასამართლოსგან სწრაფ მოქმედებას და დროულ დროებით ზომებს," - განაცხადა ჟან-მარკ ტუვენინმა.

დღის ამბები