ძლიერი აფეთქებებისა და სროლების ხმა უკრაინის 9 ქალაქში დღეს მოსკოვის დროით დილის 09:00 საათზე ერთდროულად შეწყდა. გადარჩენილმა მოქალაქეებმა ცხელი წერტილების უსაფრთხოდ დატოვება უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მე-14 დღეს შეძლეს.
ე.წ. "დუმილის რეჟიმი" რუსეთმა 12 საათის განმავლობაში უნდა დაიცვას. დრო ზუსტად 1 საათში იწურება. ფრონტად ქცეული ქალაქებიდან გასვლა ბევრმა უკვე შეძლო, ისინი კი ვინც ცხელი წერტილების დატოვებას ვერ მოასწრებენ ცხოვრებას ისევ ღია ცეცხლის ქვეშ გააგრძელებენ.
ვოლოდიმირ ზელენსკის დღევანდელ მიმართვას ორი ადრესატი ჰყავს - ქვეყნის პირველი პირი ერთ შემთხვევაში რუს სამხედროებს უკრაინის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს, მეორე შემთხვევაში კი, ამერიკასა და ევროპას ცის დახურვას სთხოვს.
რუსეთ-უკრაინის ომი ხვალ თურქეთში, კონკრეტულად კი ანტალიაში იქნება განხილვის თემა. მაგიდას ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები მიუსხდებიან. პროცესს სამმხრივი ფორმატი აქვს და მას თურქული მხარეც ჩაერთვება.
უკრაინის ნეიტრალურ სტატუსზე საუბრობს მოსკოვი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ამტკიცებს, რომ უკრაინის ხელისუფლების დამხობა მათ გეგმაში არ შედის.
დიპლომატია სამხედრო კონფლიქტს ჯერ ვერ აჩერებს. მოლაპარაკებების პარალელურად რუსეთის მხრიდან ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიებაც დაიწყო. უკრაინის გენერალური პროკურორის განცხადებით მოკვლევის პროცესში ოთხი ევროპული ქვეყანა ლიეტუვა, პოლონეთი, ესტონეთი და გერმანია ერთვება.