06 მაისი 2024,   11:32
ვრცლად
უკრაინას პოლონეთის ავიამოიერიშეები არ გადაეცემა - პენტაგონი ვითარების უფრო მეტ ესკალაციას ერიდება

პოლონეთი და ამერიკა გამოსავალს ეძებენ. ქვეყნებმა უკრაინას სამხედრო ტექნიკა იმ ფორმით უნდა მიაწოდონ, რომ ვითარების უფრო მეტი ესკალაცია არ მოხდეს. ზელენსკი პოლონურ ავიაგამანადგურებელებს ითხოვს. თუმცა მხოლოდ უკრაინის სურვილი ამ ეტაპზე საკმარისი არაა. შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს დღეს პოლონეთში, სადაც აშშ-ს ვიცე პრეზიდენტი კამალა ჰარისი ჩავიდა და პოლონეთის პრეზიდენტს შეხვდა. დახურულ კარს მიღმა მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილების შესახებ ჯერ ცნობილი არაა. საჯაროდ კი ვარშავაში კიდევ ერთხელ ითქვა, რომ დასავლეთი ოკუპანტის წინააღმდეგ ერთიანია. რუსეთის იმპერიალისტურ სურვილებზე საუბრისას პოლონეთის პრეზიდენტმა საქართველოც ახსენა.

უკრაინისთვის ავიაგამანადგურებლების გაგზავნაზე პოლონეთმა მზადყოფნა რამდენიმე დღის წინ გამოთქვა. თუმცა გერმანიაში მდებარე ამერიკულ ბაზა "რამშტაინზე" პოლონური "მიგების" მიღებას და შემდეგ უკრაინელებისთვის გადაცემას არ აპირებს თავად აშშ. პენტაგონში ამბობენ, რომ უკრაინელებისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდება პუტინმა შესაძლოა დაძაბულობის გაღრმავების ნაბიჯად აღიქვას. უფრო მეტიც, პენტაგონის პრეს-სპიკერმა ისიც განაცხადა, რომ დამატებითი თვითმფრინავები უკრაინის საჰაერო ძალების ეფექტურობაზე მნიშვნელოვნად არ იმოქმედებს.

პარალელურად, ამერიკა ცდილობს სხვა საშუალებებით დაეხმაროს უკრაინას. წარმომადგენელთა პალატამ უმრავლესობით მხარი დაუჭირა შტატებში რუსული ნავთობის, ბუნებრივი გაზისა და ქვანახშირის იმპორტის შესახებ აკრძალვას. კანონპროექტში ასევე გათვალისწინებულია ადამიანის უფლებების დარღვევისთვის რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გამკაცრება.

დღის ამბები