06 მაისი 2024,   09:20
ვრცლად
განაცხადი საქართველომ და მოლდოვამაც შემოიტანეს, თუმცა ამ დროისთვის რაც გვჭირდება, არის სწრაფი და პირდაპირი დახმარება უკრაინელებისადმი - ავსტრიის კანცლერი

ვერსალის სასახლეში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები ორდღიან არაფორმალურ სამიტზე შეიკრიბნენ.  ლიდერების მსჯელობენ, როგორ უპასუხონ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნას, რომ უკრაინა დაჩქარებული წესით გაწევრიანდეს ევროკავშირში.

განხილვის თემაა რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულების შემცირებაც - გეგმის მიხედვით, რუსულ ენერგომატარებლებზე ევროპამ უარი 2030 წლამდე უნდა თქვას, მიმდინარე წელს კი ის ორი მესამედით შეამციროს. ძალიან აქტუალურია ევროკავშირის თავდაცვის საკითხიც. 

ავსტრიის კანცლერი, კარლ ნეჰამერი  უკრაინის მიმართ დახმარების გაწევაზე საუბრობს :

"უკრაინას ომის შემდეგაც უნდა დავეხმაროთ, რადგან მოახერხოს, ისევ ააშენოს საკუთარი ქვეყანა. ამისთვის მას ევროკავშირი სჭირდება ისევე როგორც ამერიკელებისა და ბრიტანელების თანადგომა. ჩვენ ევროკავშირში ამ კრიზისის დროს ერთიანად ვდგავართ უკრაინის გვერდით. ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ძალიან ხანგრძლივი და კომპლექსურია. როგორც იცით, განაცხადი საქართველომ და მოლდოვამაც შემოიტანეს, თუმცა ამ დროისთვის ის რაც გვჭირდება, არის სწრაფი და პირდაპირი დახმარება უკრაინელებისადმი," - აცხადებს კარლ ნეჰამერი.

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი, მარკ რუტე ამბობს, რომ ნიდერლანდები უკრაინის გვერდით დგას.

"ნიდერლანდები იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, ვინც სანქციებს შეუერთდა და სამხედრო დახმარება გაუწია უკრაინას - ამიტომ არაა ეჭვი იმაში, რომ უკრაინის გვერდით ვდგავართ თუმცა - არ არსებობს ისეთი რამ, როგორიცაა გაწევრიანების სწრაფი გზა,“ - ამბობს მარკ რუტე.

დღის ამბები