19 აპრილი 2024,   03:28
ვრცლად
"საერთაშორისო საზოგადოებამ სათანადო ზომები ვერ მიიღო და ახალა უკრაინა არის მარტო" - რეჯეფ ტაიპ ერდოღანი

ჩვენ უნდა ავაშენოთ მშვიდობის და არა ომის მსოფლიო - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა ანტალიაში განაცხადა, სადაც 2 დღიანი დიპლომატიური ფორუმი მიმდინარეობს. ერდოღანმა დასავლეთი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ 2014 წელს ყირიმის ანექსიაზე ევროპას შესაბამისი რეაქცია რომ ჰქონოდა, მსოფლიო უკრაინა-რუსეთის ომს აირიდებდა.

"პირველი მაღალი დონის კონტაქტი რუსეთსა და უკრაინას შორის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე კრიზისის ფონზე გვიჩვენებს, რომ ანტალიის დიპლომატიურმა ფორუმმა დაიწყო თავისი მიზნის მიღწევა. უკრაინა და რუსეთი მეზობლები არიან. ამიტომ სიტუაციის ესკალაცია ჩვენ ძალიან გვაშინებს. საერთაშორისო საზოგადოებამ სათანადო ზომები ვერ მიიღო და ახალა უკრაინა არის მარტო. ვხედავთ, რომ უდანაშაულო ადამიანები კვდებიან, იხოცებიან ბავშვები. დასავლეთი 2014 წელს ყირიმში შეჭრის წინააღმდეგ რომ გამოსულიყო, რუსეთ-უკრაინის ამჟამინდელი კრიზისი თავიდან იქნებოდა აცილებული. ჩვენ უნდა ავაშენოთ მშვიდობის და არა ომის მსოფლიო," - განაცხადა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა.

ფორუმზე სიტყვით გამოვიდა ნატოს გენერალური მდივანიც, რომელმაც კიდევ ერთხელ გააკრიტიკა რუსეთი აგრესიის საშუალებით გავლენის სფეროების მოპოვებაში. 

"ჩვენ უპრეცენდენტო სანქციები დავუწესეთ რუსეთს და მივაყენეთ მის ეკონომიკას დიდი დარტყმა. გავაძლიერეთ პრეზიდენტ პუტინზე ზეწოლა, რომ ის მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს. მე პატარა ქვეყანაში დავიბადე, ნორვეგიაში. ის აზრი, რომ დიდმა ქვეყნებმა უნდა გადაუწყვიტოს პატარა ქვეყნებს მომავალი, არასწორია, ჩვენ ასეთი მსოფლიოს წესები არ გვსურს. ყველა ქვეყანას აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს თავისი მომავალი მიუხედავად იმისა, როგორ გარემოში უწევს ყოფნა. აქვს თუ არა უფლება სუვერენულ სახელმწიფოს გადაწყვიტოს თავის ბედი? როცა აქ ვსვამთ კითხავს - კი თუ არა, მაშინ ვბრუნდებით ისეთ პოლიტიკურ გარემოში, რომლის შექმნასაც რუსეთი ცდილობს. რუსული პროვოკაციაა, რომ ხელი შეუშალოს აღმოსავლეთით ნატოს გაფართოებას," - აცხადებს იენს სტოლტენბერგი.

სამიტზე ლიდერებს სიტყვით მიმართა უკრაინის პრემიერმაც. დენის შმიგალის თქმით, უკრაინა უკან არ დაიხევს და რუს სამხედროებს მის სამშობლოში ყვავილებით არავინ ელოდება.  

"რუსეთი თავს ესხმის მშვიდობიან უკრაინას. მშვიდობიან მოსახლეობას უკრაინის ტერიტორიაზე. თავს გვესხმიან ბელარუსიდან. რასაც ლუკაშენკო და პუტინი ამბობენ, არ უნდა დავუჯეროთ. რუსეთი ცდილობს უკრაინის ისტორია გააქროს და წაშალოს ქვეყნის იდენტობა. უკრაინა არის საკითხი, რომელიც საჭიროებს მთელი მსოფლიოს დახმარებას. რუსულ თავდასხმებს ვერ შევაჩერებთ თუ არ დაიხურება ცა. ჩვენ ერთად უნდა ვიბრძოლოთ ამ აგრესიის წინააღმდეგ. ყველა ომი მოლაპარაკების მაგიდაზე სრულდება. გუშინ ნამდვილად ვეცადეთ ბატონ ლავროვთან მოლაპარაკებას, მაგრამ დაინახეთ, რომ შედეგი არ არის. ამ დიპლომატიურ ძალისხმევას გავაძლიერებთ. დახმარებას ვთხოვთ აგრესიის შესაჩერებლად პარტნიორებს," - ამბობს დენის შმიგალი

დღის ამბები