04 მაისი 2024,   02:49
ვრცლად
განსაკუთრებით მადლობელი ვარ იმ გოგოსი, რომელიც "პირველი არხის" ეთერში პლაკატით ხელში შევიდა - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი ბოლო დღეების განმავლობაში დაბნეულია, ვინაიდან მსგავს წინააღმდეგობას უკრაინისგან არ ელოდა. რაც შეეხება ოკუპანტების ტექნიკას, ზელენსკის განმარტებით, განადგურებული თვითმფრინავების რაოდენობამ უკვე ასეულს გადააჭარბა.

ასევე, ვოლოდიმირ ზელენსკი, გუშინ რუსული პირველი არხის ეთერში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და მარინა ოვსიანნიკოვას, რომელიც ეთერში პლაკატით ხელში შევიდა, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

ჟურნალისტი, რომელიც რუსული პირველი არხის საინფორმაციო გამოშვების პირდაპირ ეთერში ომის საწინააღმდეგო პლაკატით შეიჭრა, მარინა ოვსიანნიკოვაა, ამის შესახებ უკრაინული გამოცემები წერენ.

"როგორც ამ დღეების განმავლობაში, მტერი ახლაც დაბნეულია, რადგან მსგავს წინააღმდეგობას არ ელოდა.
უკრაინას თქვენ ვერაფერს წაართმევთ, აქედან ვერაფერს წაიღებთ. თქვენ ძალიან ბევრ სიცოცხლეს წაართმევთ სხვებს იმიტომ, რომ თქვენ ძალიან ბევრნი ხართ, მაგრამ თქვენც მოგკლავენ.

რისთვის ან რატომ უნდა დაიღუპოთ?! ვიცი, რომ გინდათ დიდხანს იცოცხლოთ, თქვენ სატელეფონო საუბრებში ვისმენთ, რას ფიქრობთ ამ ომზე და თქვენს მთავრობაზე. თქვენს ერთმანეთთან საუბრებს, თქვენს მშობლებთან საუბრებს, ამ ყველაფერს ვისმენთ.

ჩვენი გმირი ჯარისკაცები მტერს სერიოზულ ზიანს აყენებენ. განადგურებული თვითმფრინავების რაოდენობამ უკვე ასეულს გადააჭარბა. მადლობელი ვარ იმ რუსების, რომლებიც სიმართლის გამჟღავნებას არ წყვეტენ.

განსაკუთრებით მადლობელი ვარ იმ გოგოსი, რომელიც "პირველი არხის" ეთერში პლაკატით ხელში შევიდა. მოგიწოდებთ ყველას, ვისაც ბრძოლის არ გეშინიათ, სანამ თქვენი ქვეყანა ბოლომდე არ ჩაიკეტა და არ დაემსგავსა ჩრდილოეთ კორეას, გამოდით და იბრძოლეთ, არ დაკარგოთ თქვენი შანსი!

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტი დაამტკიცა. დარწმუნებული ვარ, ეს ბოლო არ არის, იმიტომ რომ ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, რათა რუსეთს კიდევ უფრო ახალი და მკაცრი შეზღუდვები დაუწესდეს.

როგორც შემატყობინეს, რუსეთთან მოლაპარაკებებმა არც თუ ისე ცუდად ჩაიარა. თუმცა დავაკვირდებით, რა იქნება," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები