უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკებები განახლდა. დიალოგი ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. მიხაილ პოდოლიაკის ინფორმაციით, მიმდინარეობს საკმაოდ რთული საუბარი. როგოც ირკვევა, მხარეებს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული პოზიციები აქვთ. უკრაინის მოთხოვნა ცალსახაა - მოხდეს ქვეყნის ტერიტორიიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანა და ცეცხლის შეწყვეტა.
პარალელურად დნიპროს აეროპორტს ორი რაკეტა მოხვდა, განადგურდა ასაფრენი ბილიკი. დაზიანდა ტერმინალი. რუსულმა ძალებმა გააძლიერეს ხარკოვის დაბომბვა, რამაც გამოიწვია დიდი ხანძარი ქალაქის ჩრდილო-დასავლეთ რაიონში.
ხარკოვში სახლის ნანგრევების ქვეშ 7 ადამიანი დაიღუპა. კიევში კი დღეს დილით მრავალსართულიანი კორპუსების დაბომბვის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 4-მდე გაიზარდა.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი ამბობს, რომ რუსულ მხარე ვერ ახორციელებს მაღალი ინტენსივობით საჰაერო დარტყმებს.
"დაახლოებით სამი დღეა, მტერი ცდილობს არ გამოიყენოს, ან მხოლოდ შეზღუდულად გამოიყენოს თავისი საჰაერო ძალები კიევში, ხარკოვში, მიკოლაევსა და სუმიში. რატომ ხდება ეს? მთლიანობაში, მტერმა ჩვენს ირგვლივ 500 საბრძოლო თვითმფრინავი შემოიკრიბა, თუმცა რუსული თვითმფრინავები ვერ ახერხებენ რთული საჰაერო ოპერაციების ჩატარებას. ამისათვის მრავალწლიანი ვარჯიში და ბევრი ფულია საჭირო, რაც მათ არ ჰქონიათ. საჰაერო დარტყმები განხორციელდა ცალკეულად, თითო შეტევაზე 2, მაქსიმუმ 4-6 თვითმფრინავით. ერთადერთი ტერიტორია, სადაც ახლა რუსები საჰაერო დარტყმებს მიმართავენ, არის გაერთიანებული ძალების ოპერაციის ზონა დონბასში და სამწუხაროდ მარიუპოლში, თუმცა ჩვენ ყველანაირ ზომას ვიღებთ ადგილზე სიტუაციის შესამსუბუქებლად, განსაკუთრებით საჰაერო ზემოქმედების კუთხით," - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი.