03 მაისი 2024,   03:17
ვრცლად
ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეზოლუციის პროექტს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს - რა შენიშვნები აქვს ოპოზიციას

ამ წუთებში პარლამენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუციის პროექტს განიხილავს. საქართველო მოუწოდებს დასავლეთს დაჩქარდეს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაცია.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ რეზოლუციასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიციის დაფიქსირება მნიშვნელოვანია. პროექტს ოპოზიციის ნაწილი მხარს დაუჭერს. დღესვე უნდა გაიმართოს კენჭისყრაც.

პროექტის განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. ოპოზიცია საკუთარ შენიშვნებზეც საუბრობს. მათი თქმით, დოკუმენტს შინაარსობრივი კონკრეტიკა აკლია.

"ძალიან უცნაურ დოკუმენტს გვთავაზობთ მხარდასაჭერად, მიუხედავად იმისა, რომ მე მხარს დავუჭერ ამ დოკუმენტს. რატომ არ არის დოკუმენტში ნახსენები ის კრიტერიუმები, რაც შეეხება კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებების დაცვას, დემოკრატიას, საბაზრო ეკონომიკას და სხვა. ეს არის ის კრიტერიუმები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ქვეყანა. ჩემთვისა ძალიან უცნაურია, რომ დღეს გვთავაზობთ დოკუმენტს, სადაც არ არის ნახსენები რამდენიმე დღის წინ მიღებული ის პოლიტიკური გადაწყვეტილებები ევროკავშირში, რომელმაც საერთოდ შესაძლებელი გახადა კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ამასთან, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შესახებ ოფიციალური განაცხადის გაკეთების შესახებ და შემდგომ პროცედურებზე ისაუბრა.

იმისთვის, რომ საქართველომ მიაღწიოს წარმატებას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, ჩვენ პირველ რიგში გვჭირდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მტკიცე მხარდაჭერა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ საჭირო მხარდაჭერა გვქონდეს. ამიტომ ვფიქრობ რომ დროული იქნება, თუ ევროკავშირში გაწევრიანებაზე გაკეთებული განაცხადის პარალელურად საქართველოს პარლამენტი თავის მხრივ კიდევ ერთხელ გაახმოვანებს თავის სურვილს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რაც შემდგომში კარგ საფუძველს შექმნის ევროკავშირის ინსტიტუტებთან და წევრ ქვეყნებთან სამუშაოდ რომ გვქონდეს საჭირო მხარდაჭერა," - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა. 

 

დღის ამბები