სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, სართიჭალაში ახალი სამაცივრო მეურნეობა გაიხსნა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი დოხტურიშვილთან ერთად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში, ახალი სამაცივრო მეურნეობის "სართიჭალა ვაინიარდ მენეჯმენტი" გახსნის ღონისძიებას დაესწრო.
კომპანია "სართიჭალა ვაინიარდ მენეჯმენტი" სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. საწარმოში, ჯამურად 3,8 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის, 500,000 ლარი გრანტია, ხოლო შეღავათიანი აგროკრედიტის თანხა 3 მლნ ლარს შეადგენს.
სამაცივრო მეურნეობაში "სართიჭალა ვაინიარდ მენეჯმენტი" დანერგილია თანამედროვე ტექნოლოგიები; სამაცივრო ინფრასტრუქტურაში, ერთდროულად, 1,000 ტონა პროდუქციის შენახვაა შესაძლებელი.
შპს "სართიჭალა ვაინიარდ მენეჯმენტი" გაერთიანებულია აგროჰოლდინგში. ჰოლდინგში შემავალი კომპანიების საკუთრებაში არსებულ 30 ჰექტარზე, სახელმწიფო პროგრამის "დანერგე მომავალი" მხარდაჭერით, იტალიური ჯიშის 4 სახეობის სუფრის ყურძენია გაშენებული. ვენახებიდან, 2022 წლისთვის 400 ტონამდე მოსავალს ელოდებიან.
აგროჰოლდინგი USAID-ის ხელშეწყობით სუფრის ყურძნის მოყვანისა და მისი შენახვის პირობების შესახებ რეკომენდაციებს იტალიელი სპეციალისტებისგან იღებს. აგროჰოლდინგში შემავალი კომპანიები 60 ადამიანს ასაქმებს.
აღსანიშნავია, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, სახელმწიფოს მხარდაჭერით, 86 სამაცივრო მეურნეობაა შექმნილი, თანადაფინანსება კი, 41 მლნ ლარს აღემატება.