03 მაისი 2024,   06:38
ვრცლად
რა შეიძლება იყოს NATO-ს ალტერნატივა - რას აცხადებს ზელენსკი სხვა თავდაცვით მოდელებზე და როდის ელის რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებას

აფეთქებული ჭურვების ფონზე მოსკოვსა და კიევს შორის დიალოგი კვლავ ინტენსიურად მიმდინარეობს. ტექნიკური პაუზა დღეს დილიდან განახლდა. მოლაპარაკება გრძელდება და როგორც კიევში აცხადებენ მძიმედ, მაგრამ წარმატებით.

საომარი მოქმედებების დაწყებიდან მეოცე დღეს უკრაინული მხარე პირველად ალაპარაკდა ომის დასრულების შესაძლო თარიღზე. ზელენსკის პირადი მრჩეველი სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებას მაისის დასაწყისში ელის. უკრაინის ხელისუფლების ვარაუდები რუსული არმიის ბრძოლისუნარიანობის შესუსტებას ეფუძნება. საომარ ვითარებაში მყოფი ქვეყანა სამშვიდობო მოლაპარაკებებზე მოითხოვს, რომ შეწყდეს ცეცხლი და ყველა რუსმა ჯარისკაცმა უკრაინა დაუყოვნებლივ დატოვოს. არესტოვიჩის თქმით, მისი ქვეყანა ტერიტორიებს რუსეთს არ ჩააბარებს, თუმცა განიხილება ისეთი მექანიზმები, რომელიც დონბასსა და ყირიმში ერთობლივი მმართველობას ან მმართველობას საერთაშორისო ადმინისტრაციის ქვეშ ითვალისწინებს.

რუსეთი გაჩერებას არ აპირებს, კრემლი დღესაც იმუქრებოდა ნაცნობი და უცვლელი რიტორიკით. რუსული ინტერესის სფერო ყირიმი, უკრაინის ნეიტრალიტეტი და დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება ე.წ. სამხრეთის კორიდორია. დღეს გაირკვა ისიც, რომ სიძლიერით მსოფლიოში მეორე რუსული არმია, უკრაინაში 20 დღიანი ბრძოლის შემდეგ, დახმარებას ითხოვს. ადრესატი ჩინეთია, რომელსაც პუტინმა სამხედრო და ფინანსური უზრუნველყოფისთვის უკვე მიმართა. რუსეთი ჩინეთს სამხედროებისთვის საკვებ ულუფებსაც სთხოვს.

უკრაინის მეექვსე პრეზიდენტი კი, პუტინთან მოლაპარაკების მოლოდინშია და ამბობს, რომ უკრაინა NATO-ს ნაცვლად მზადაა სხვა თავდაცვით მოდელებზე იფიქროს.

ომის პარალელურად დღეს ცნობილი გახდა, რომ უკრაინა დატოვა რადას 20-მდე დეპუტატმა. უმაღლესი რადას სპიკერის მოადგილემ განაცხადა, რომ გაქცეული დეპუტატების გვარები უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისთვის უკვე ცნობილია.

დღის ამბები