03 მაისი 2024,   02:40
ვრცლად
კონსულტაციებისთვის გაწვეული დიპლომატი თბილისშია - როდის დაუბრუნდება უკრაინის ელჩი მოვალეობის შესრულებას

როდის დაუბრუნდება უკრაინის ელჩი მოვალეობის შესრულებას და იყო თუ არა გასული გაწვევის შემდეგ საქართველოდან - უკრაინის დროებითი რწმუნებული, დღევანდელ ბრიფინგზე არ აკონკრეტებს იგორ დოლგოვის ქვეყნიდან გასვლის, ან უკან დაბრუნების საკითხს. ანდრეი კასიანოვის განცხადებით, დიპლომატიური პროტოკოლიდან გამომდინარე ელჩის გადაადგილებასა და სამუშაო გრაფიკის დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი, რომელიც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველ მარტს გაიწვია, ისევ თბილისშია. ის "კურიერის" კამერამ ექსკლუზიურად საკუთარ საცხოვრებელ რეზიდენციასთან გუშინ გადაიღო. "კურიერის" ინფორმაციით, ელჩს საქართველო კონსულტაციებზე გამოძახების შემდეგ არ დაუტოვებია. თავად დიპლომატმა დეტალებზე საუბარი არ ისურვა.

თბილისში ელჩის ფიზიკურად ყოფნა არ ყოფნის საკითხი ნაკლებად მნიშვნელოვანია საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის. პოლიტიკოსები ძირითადად აქცენტს საქართველო უკრაინის ურთიერთობაზე აკეთებენ და მთავარ პრობლემას ელჩის კიევში გამოძახებაში ხედავენ.

საერთაშორისო დიპლომატიაში არსებული პრაქტიკის მიხედვით, გაწვეული ელჩები საკუთარ ქვეყნებში მთავრობასთან კონსულტაციებისთვის ბრუნდებიან. უკრაინელი დიპლომატის თბილისში ამ დრომდე ყოფნა მმართველ პარტიაშიც უცნაურად მიაჩნიათ.

2022 წლის 1 მარტს, უკრაინაში ომის დაწყების მეექვსე დღეს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია.

დღის ამბები