03 მაისი 2024,   03:41
ვრცლად
ლონდონში, რუსი ოლიგარქების ფეშენებელურ სახლებზე უკრაინის დროშა ფრიალებს - აქტივისტები სახლებში ლტოლვილების განთავსებას მოითხოვენ

უკრაინის დროშა ფრიალებს ლონდონში, რუსი ოლიგარქების ფეშენებელურ სახლებზე - საუბარია, მაგალითად, მილიარდერ ოლეგ დერიპასკაზე, რომელიც ცნობილია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მჭიდრო კავშირებით და რომელიც დასავლეთის მიერ სანქცირებულთა სიაშია. მისი ანგარიშები გაყინულია, უცხოეთში არსებული ქონება კი კონფისკაციას ექვემდებარება. ოლიგარქის სახლი, რომელიც ელიტარულ უბან ბელგრავიოაში მდებარეობს, სამოქალაქო აქტივისტებმა დაიკავეს, უკრაინის მხარდასაჭერი ბანერები გამოფინეს და მდიდრულ სახლში, რომლის ღირებულება, დაახლოებით, 30 მილიონი დოლარია, უკრაინელი ლტოლვილების განთავსება მოითხოვეს. 

საინტერესოა, რომ ერთ-ერთი რუსი ოლიგარქი, რომელსაც სანქციები შეეხო, რომან აბრამოვიჩი გუშინ გაფრინდა ლონდონიდან და ისრაელში შესვლას ეცადა, თუმცა ის ქვეყანაში არ შეუშვეს და რუსეთში გაამგზავრეს. 

პარალელურად, ტრაფალგარის მოედანზე ყოველდღიურად გამოდიან ადამიანები იმისთვის, რომ სოლიდარობა გამოუცხადონ უკრაინელ ხალხს. ისინი მოითხოვენ, რუსეთმა შეწყვიტოს საომარი მოქმედებები. ბრიტანეთში მოსახლეობა აქტიურად უჭერს მხარს უკრაინას. Sky news-მა ჩაატარა გამოკითხვა, რომლის შედეგების მიხედვით დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 47% მიიჩნევს, რომ უფრო მკაცრი სანქციები უნდა იყოს შემოღებული რუსეთის და ვლადიმერ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ. 

ამასთან, დღეს ლონდონში გაერთიანებული საექსპედიციო ძალების პირველი შეხვედრა გაიმართა. ორგანიზაციამ, რომელშიც 10 ქვეყანაა გაერთიანებული, ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ერთობლივი განცხადება, სადაც მათ მიზნებზეა საუბარი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ ორგანიზაციის მიზანია NATO-სთან ერთად გააღრმაოს თავდაცვის საკითხები და არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ორგანიზაციისთვის უსაფრთხოება პრიორიტეტული იქნება. განმცხადებლები ხაზს უსვამენ, რომ მაქსიმალურად დაეხმარებიან უკრაინას და კვლავაც მოუწოდებენ რუსეთს, გაიყვანოს ჯარი დამოუკიდებელი ქვეყნის ტერიტორიიდან. შეხვედრას მასპინძლობდა ბორის ჯონსონი და ვიდეომიმართვა ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისაც

"ამ საშინელი ტანჯვის დროს მთელი მსოფლიო თანაუგრძნობს უკრაინელ ხალხს. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა დავეხმაროთ მძიმე მდგომარეობაში მყოფებს ეკონომიკურად და პოლიტიკურად. ვფიქრობთ, რომ ჩვენ ასევე ვაღიარებთ, რომ მეტი უნდა გავაკეთოთ და ვაპირებთ ამ მიმართულებით მეტი ვიმუშაოთ. არავის სურს ჩაერთოს პირდაპირ დაპირისპირებაში დასავლეთსა და რუსეთს შორის, ცხადია, არცერთ ჩვენგანს არ სურს ამ სურათის ნახვა, თუმცა ჩვენ ვაღიარებთ, რომ ჩვენიო მოვალეობაა მხარი დავუჭიროთ უკრაინელ მხარს გაჭირვების დროს,"- განაცხადა ბორის ჯონსონმა. 

დღის ამბები