მელიტოპოლის მერი ივან ფიოდოროვი, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა 11 მარტს გაიტაცეს, გუშინ უკრაინული მხარის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გათავისუფლდა. ივან ფიოდოროვმა გათავისუფლების შემდეგ პირველი ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც მელიტოპოლის მოქალაქეებსა და უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერასადა და დახმარებისთვის მადლობას უხდის.
"პატივცემულო მელიტოპოლელებო, ეს ჩემი პირველი ვიდეოა 6 დღიანი დაკავების, ტყვეობისა და გათავისუფლების შემდეგ. პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მელიტოპოლელს, რომლებსაც დაკავების, რეპრესიებისა და დაკითხვების საშიშროების მიუხედავად საკუთარ პოზიციას იცავდა, მიტინგებსა და დემონსტრაციებზე გამოდიოდა, რომლითაც ამტკიცებდა, რომ ჩვენ თავისუფალი ერი ვართ. ჩვენ - უკრიანელებს, მელიტოპოლელებს ასეთი წესი გვაქვს - საკუთარი პოზიციების და ინტერესების ხმამაღლად დაცვა.
მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მხარდაჭერისთვის. ინფორმაციულ ვაკუუმსა და იზოლაციაში ყოფნისას მე ვგრძნობდი, რომ თქვენ ჩემთვის იბრძოდით," - აცხადებს ივან ფიოდოროვი.
მან ასევე მადლობა გადაუხადა მელიტოპოლის მეგობრებს, რომლებმაც უკრაინის ინტერესები დაიცვეს უკრაინისა და საერთაშორისო არენაზე, ყველაფერი გააკეთეს რაც შესაძლებელი და შეუძლებელიც იყო იმისთვის, რომ მერის ტყვეობიდან გათავისუფლება მალე მომხდარიყო.
"აბსოლუტური სიზუსტით ვარ დარწმუნებული, რომ ძალიან მალე, მთელ ჩვენს გუნდთან ერთად უკრაინის დროშას მელიტოპოლის ცენტრალურ მოედანზე აღვმართავთ. ისინი კი, ვინც ეს დროშა ჩამოხსნეს, ჩვენს მშვენიერ ქალაქში უკვე აღარ იცხოვრებენ. დიდება უკრაინას!" - აცხადებს მელიტოპოლის მერი.
მელიტოპოლის მერის თქმით, უფრო დეტალურად ტყვეობის შესახებ ის მოგვიანებით ისაუბრებს.