01 მაისი 2024,   03:43
ვრცლად
მოუსმენენ თუ არა ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოს პარლამენტში - ოპოზიციის ნაწილი მოთხოვნით შალვა პაპუაშვილს მიმართავს

მოუსმენენ თუ არა უკრაინის პრეზიდენტს საქართველოს პარლამენტში - ოპოზიციის ნაწილი ითხოვს, ვოლოდიმირ ზელენსკი საკანონმდებლო ორგანოში ჩართონ, რათა მან საქართველოს მოსახლეობას მიმართოს. 

მათ უკვე ჩააბარეს პარლამენტის პრეზიდენტის, შალვა პაპუაშვილის სახელზე ოფიციალური მიმართვა, სადაც ითხოვენ, რომ რეგლამენტის შესაბამისად, პარლამენტის თავმჯდომარემ უზრუნველყოს პლენარულ სხდომაზე უკრაინის პრეზიდენტის ვიდეოჩართვა. მიმართვას ხელს აწერენ ფრაქცია "ლელო - საქართველოსთვის" წევრები ანა ნაცვლიშვილი და სალომე სამადაშვილი. 
 
"მოვუწოდებთ "ქართულ ოცნებას", გადავდოთ გვერდზე პოლიტიკური დაპირისპირება და ვიხელმძღვანელოთ მარტო იმით, რაც არის ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის საუკეთესო ინტერესები. მერწმუნეთ, პრეზიდენტი ზელენსკის მოწვევა საქართველოს პარლამენტში სწორედ ამ ამოცანას ემსახურება. ჩვენ კიდევ ერთხელ დღეს ოფიციალურად მივმართავთ მმართველ გუნდს და პარლამენტის თავმჯდომარეს,"-აცხადებს სალომე სამადაშვილი. 
 
"გირჩში" ამბობენ, რომ თუ ვოლოდიმირ ზელენსკის ამის სურვილი ექნება, ისინი ინიციატივას მიესალმებიან. 
 
"მე ვერც კი წარმომიდგენია, მისგან თუ ასეთი სურვილი არსებობს, ჩვენ რანაირად შეიძლება ამას ხელი შევუშალოთ, პირიქით, მგონია, ტაშით და პატივისცემით უნდა შევხვდეთ და ვთხოვოთ, რომ რაღაცნაირად ცალ-ცალკე არ იაროს საქართველომ და უკრაინამ დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე,"- აცხადებს "გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია.
 
ინიციატივა "სტრატეგია აღმაშენებელშიც" მოიწონეს, თუმცა ამბობენ, რომ ამის სურვილი, პირველ რიგში, უკრაინულმა მხარემ უნდა გამოთქვას. 
 
"ეს უდავოდ საინტერესო ინიციატივაა, მაგრამ პირველ რიგში, უკრაინის მხარემ უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ჩვენი პოლიტიკური ჯგუფი, თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება თვითონ უკრაინის მხრიდან, ყველანაირად მზად ვიქნებით, რომ მოვუსმინოთ და საჭიროც არის. იმედია "ქართული ოცნება" ამაზე უარს არ იტყვის. თუმცა, პირველ რიგში, ეს უკრაინულ მხარესთან და უშუალოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არის გასარკვევი,"- აცხადებს სერგო ჩიხლაძე. 
დღის ამბები