01 მაისი 2024,   04:10
ვრცლად
მოუსმენენ თუ არა უკრაინის პრეზიდენტს საქართველოს პარლამენტში - რას პასუხობენ ოპოზიციის შეთავაზებას მმართველ პარტიაში 

კონგრესი, ლორდთა პალატა, გერმანიის ბუნდესტაგი - იქნება თუ არა ზელენსკის შემდეგი მიმართვის ობიექტი საქართველოს პარლამენტი? თბილისში საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის სახელზე წერილია. "ლელო" შალვა პაპუაშვილს მიმართავს, უზრუნველყონ უკრაინის პრეზიდენტის ვიდეოჩართვა. ზელენსკის ხილვა სურს პლენარულ სხდომაზე "ნაციონალურ მოძრაობასაც". ოპოზიციის შეთავაზება უმრავლესობისთვის პიარული სვლაა. ოპონენტებს "ოცნებაში" ახსენებენ, რომ უკრაინას საქართველოდან ელჩი ჰყავს გაწვეული. ვიდრე ქართველი დეპუტატები ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვაზე შეჯერდებიან, უკრაინის პრეზიდენტის იაპონიის პარლამენტში გამოსვლა უკვე ჩანიშნული აქვს.

ვიდრე წერილის შინაარსს ოფიციალურად გაეცნობოდა, პარლამენტის თავმჯდომარემ ინიციატივის ავტორებს მალევე უპასუხა. შეთავაზებას პიარული სვლა უწოდა და თქვა, რომ მსგავს განხილვებში მმართველი პარტია მონაწილეობას არ გეგმავს. შალვა პაპუაშვილმა ოპონენტებს შეახსენა, რომ თითქმის 2 კვირა პარლამენტის სახელით უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას უწევენ, თუმცა ოპოზიცია ამ პროცესში არ მონაწილეობს.

"ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, რომ მსგავსი საკითხები არა ოპოზიციის, არამედ 2 სახელმწიფოს ხელისუფლების და შესაბამისი უწყებების გადასაწყვეტია. სახელისუფლებო გუნდის ლიდერებმა ოპონენტებს ის მიზეზებიც დაუსახელეს, თუ რატომ არ იზიარებენ ინიციატივას.

მმართველ პარტიას პოზიციის შეცვლისკენ მოუწოდებენ სხვა ოპოზიციური პარტიებიც. მათი ნაწილი ამბობს, რომ ზელენსკის ვიდეომიმართვის მოსმენა მნიშვნელოვანი გზავნილი იქნებოდა, ნაწილი ფიქრობს, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ამ საკითხის ირგვლივაც ვიწრო პარტიული ინტერესით მოქმედებს.

რატომ არ იღებს "ქართული ოცნება" ოპონენტების კრიტიკას, მმართველ პარტიაში ამის რამდენიმე მიზეზზე საუბრობენ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი საპარლამენტო უმრავლესობისთვის ის არის, რომ საქართველო პარტნიორ სახელმწიფოს შესაძლებლობიდან გამომდინარე ყველანაირად ეხმარება და მხარს უჭერს.

დღის ამბები