20 ნოემბერი 2024,   17:18
ვრცლად
რას გულისხმობს და რა განსხვავებაა შეთანხმების შევედურ, ავსტრიულ და უკრიანულ მოდელებს შორის - ანალიტიკოსის განმარტება

ომის 23-ე დღესაც გაურკვეველია შეხვდებიან თუ არა ერთმანეთს უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტები.

პირველი პირებისგან თანხმობაა, თუმცა კონკრეტული ადგილი ან სავარაუდო თარიღი ამ დრომდე არ ხმაურდება. მხარეებს შორის მედიაციას ისრაელი და თურქეთი ცდილობს. 

რა დევს მოლაპარაკების მაგიდაზე - რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა უკრაინის ნეიტრალიტეტია.

დასახელდა შვედური, ავსტრიული და უკრაინული მოდელები - აღსანიშნავია, რომ უკრაინაში ხაზგასმით აცხადებენ, რომ - "მოდელი შეიძლება იყოს მხოლოდ უკრაინული", თანაც ძლიერი საერთაშორისო გარანტიებით. 

რა განასხვავებს მათ ერთმანეთისგან - ანალიტიკური ორგანიზაცია "ჯეოქეისის" გამგეობის თავმჯდომარემ ვიქტორ ყიფიანმა "რუსთავი 2-თან" განმარტა თუ რას გულისხმობს დასახელებული მოდელები და რის ფასად შეიძლება დათმოს უკრაინამ NATO-ში გაწევრიანების მოთხოვნა. 

"მაგალითად, შვედური ნეიტრალიტეტის მოდელი ეს არის პრაქტიკულად 300 წლიანი ტრადიცია ტრანსფორმირებული, მაშინ როდესაც ავსტრია იძულებული იყო მიეღო ნეიტრალიტეტი მეორე მსოფლიო ომის შედეგად, ასევე არის ფინეთის მაგალითიც.

ჩვენ რომ შვედეთი ავიღოთ, შვედეთის ისტორიაში ნეიტრალურობის არის ისეთი მაგალითები ურთიერთგამომრიცხავი, როდესაც ნეიტრალიტეტის პერიოდში შვედეთი თანამშრომლობდა, აქტიურ კომერციას აწარმოებდა ნაცისტურ-ფაშისტურ გერმანიასთან და ბოლო მაგალითი - საკმაოდ აქტიურად მხარს უჭერდა ლიბიაში მუამარ კადაფის დამხობის ოპერაციას, NATO-ს წევრ სახელმწიფოებს.

ყველა ქვეყანას განასხვავებს აქტივიზმის განსხვავებული ხარისხი, ზოგი შეიძლება იყოს უფრო მეტად აქტიური, ზოგი უფრო ნაკლებად აქტიური.

მაგალითად ირლანდიის მაგალითი, მოდელი არის შედარებით ნაკლებად აქტიური ნეიტრალური ქვეყნის.

ახლა რაც შეეხება უკრაინულ მოდელს, უკრაინულ მოდელს განასხვავებს, როდესაც უკრაინულ სპეციფიკაზე არის ერთი რამ: უკრაინა ამბობს, რომ მე უნდა შევინარჩუნო ჩემი შეიარაღებული ძალები და ჩემი სამხედრო ფლოტი - ასეთ მიდგომაში რაიმე ახალი არ არის განსხვავებით ფინეთისგან, შვედეთისგან ან სხვა რომელიმე ქვეყნისაგან.

მაშინ რა არის უკრაინული ელფერი, რაც უკრაინულ მოდელს განასხვავებს? - უკრაინამ გამოსცადა ე.წ. ნეიტრალიტეტი, რომელიც გარანტირებული იყო საერთაშორისო შეთანხმებით, ყველას გვახსოვს ბუდაპეშტის მემორანდუმი, სადაც რამდენიმე ქვეყანამ აიღო გარანტორის სტატუსი, მაგრამ ჩავარდა ეს შეთანხმება და უკრაინამ ვერ შეინარჩუნა თავისი სუვერენიტეტი, ჯერ 2014-ში, მერე ახლა.

შესაბამისად, ის სპეციფიკა, რაზეც რუსეთი ვერ თანხმდება და ჩვენ კარგი პარალელი შეგვიძლია გავავლოთ კიდევ ერთ პრეცენდენტთან, არის შემდეგი - უკრაინა ამბობს, მე მზად ვარ გავხდე ნეიტრალური ოღონდ 2 პირობით: თუ დასავლური სამხედრო დახმარება არ შეწყდება, მე არ ვწყვეტ კავშირებს დასავლეთთან სამხედრო თვალსაზრისით, და მეორე: თუ ჩემს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას დაემუქრა რაიმე საფრთხე, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ თქვენ როგორც გარანტორები ჩაერევით ყოველგვარი დამატებითი ბიუროკრატიისა და პროცედურების გარეშე. აი ეს არის ალბათ ის დაბრკოლება, რაც ე.წ. გადაულახავ კედელს ქმნის რუსეთსა და უკრაინას შორის," - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

დღის ამბები