რომის პაპმა რუსეთის მიერ უკრაინაში ინტერვენციის შესახებ განცხადება გააკეთა. მან მიმდინარე მოვლენებს ძალაუფლების გარყვნილად და ბოროტად გამოყენება უწოდა, რომელიც დამპყრობლის ფანატიკური ინტერესებისთვის მიმდინარეობს. რუსული აგრესიის ასეთი შეფასება პაპმა ევროპის საეპისკოპოსო კონფერენციების ვილნიუსის არქიეპისკოპოს, გინტარასუ გრუშასისთვის გაგზავნილ წერილში გააკეთა.
"ჩვენ გვაოცებს ომის ტრაგედია, რომელიც ევროპის ცენტრში მიმდინარეობს. ვერასდროს ვიფიქრებდით, რომ კიდევ ერთხელ ვიხილავდით სცენებს, რომელიც გასული საუკუნის დიდ ომებს გაგვახსენებდა," - წერს პონტიფიკოსი ფრანცისკი.
ის აღნიშნავს, რომ კაცობრიობა კვლავ წარსდგა "ძალაუფლების გარყვნილად, ბოროტად გამოყენების და ფანატიკური ინტერესების საფრთხის წინაშე, რომელიც დაუცველ ადამიანებს სისასტიკისა და ტანჯვისთვის სწირავს."
"ჩვენი უკრაინელი ძმებისა და დების შემზარავი ყვირილი გვაიძულებს, რომ როგორც მორწმუნე საზოგადოებას, არამხოლოდ სერიოზულად დავფიქრდეთ, არამედ ვიტიროთ მათთან ერთად და მათთვის რაიმე გავაკეთოთ; გავიზიაროთ იმ ხალხის ტანჯვა, რომლის იდენტობა ისტორია და ტრადიციები დააზიანეს," - განაცხადა კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა.
პაპმა მოუწოდა მორწმუნეებს განაგრძონ ლოცვა, რათა "მათ, ვის ხელშიც არის ერების ბედი, ყველაფერი გააკეთონ, ომისა და ჰუმანიტარული ტრაგედიის დასასრულებლად და კონსტრუქციული დიალოგის დასაწყებად.
"უკრინფორმის" ინფორმაციით, რომის პაპმა უკრაინის ქალაქს მარიუპოლს "მოწამე ქალაქი" უწოდა.