06 მაისი 2024,   03:35
ვრცლად
რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებული ბავშვები და გადავსებული ბავშვთა საავადმყოფოები - "კურიერის" რეპორტაჟი კიევიდან

უკრაინაში ვითარება ისევ დაძაბულია. იბომბება ქალაქები და სოფლები, მშვიდობიანი ობიექტები, იღუპებიან ბავშვები. ომის დაწყების შემდეგ, დღეს არის პირველი დღე კიევში, როცა შედარებით სიმშვიდეა, არ ისმის სროლის და აფეთქებების ხმა. ღამემაც მშვიდად ჩაიარა.

"კურიერის" კამერამ მიაგნო იმ ბავშვს კიევის ერთ-ერთ კლინიკაში, რომელიც დედასთან ერთად საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვას გუშინ შემთხვევით გადაურჩა. კირილს გუშინდელი დილის გახსენება უჭირს, ბავშვმა რუსული რაკეტის აფეთქების შემდეგ ისეთი სტრესი მიიღო, რომ დედის გარდა არავის ელაპარაკება. აქსანა კირილის ოთახში იყო, როდესაც პოდოლის რაიონში მის სახლთან რაკეტა ჩამოვარდა. დედა შვილს გადაეფარა, თუმცა, ნამსხვრევებით არასრულწლოვანი მაინც მძიმედ დაშავდა.

კიევის ბავშვთა ნომერ მეშვიდე საავადმყოფოში დღეს ერთადერთი დღე იყო, როდესაც ექიმებს ამოსუნთქვის საშუალება მიეცათ. მათ იმდენად მძიმე რეჟიმი აქვთ, რომ იძულებულები გახდნენ შვილებისთვის სათამაშო მოედანი საავადმყოფოს დერეფნებში მოეწყოთ. ბავშვთა საავადმყოფოში ცდილობენ რუსული აგრესიისგან მიღებული სტრესი არასრულწლოვანებს როგორმე შეუმსუბუქონ, განსაკუთრებით მძიმე პაციენტებს კი საზღვარგარეთ აგზავნიან.

"კურიერმა" გადაიღო ასევე ქართველი, რომელიც ჯავშანჟილეტებს საკუთარი ხელით ამზადებს უკრაინელი მეომრებისთვის. რუსული აგრესიის გამო ის ორჯერ იქცა დევნილად, პირველად აფხაზეთში და მეორედ - ახლა.

დღის ამბები