06 მაისი 2024,   06:06
ვრცლად
უკრაინული ქალაქები ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზე - რუსი ოკუპანტები მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავენ

გაეროს მონაცემებით, 3 მილიონ 200 ათასმა ადამიანმა უკრაინა დატოვა, ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვი კი 6.5 მილიონს აჭარბებს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ, 850 ადამიანი დაიღუპა და 1 399 დაშავდა.

ყველაზე მძიმე მდგომარეობა მარიუპოლსა და ხარკოვშია, ორივე ოლქის დიდი ნაწილი ფაქტობრივად სრულად მიწასთან არის გასწორებული. ვერ აუდიან გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობის აღწერას და დათვლას. ფაქტობრივად, უწყვეტ რეჟიმშია გახსნილი ცეცხლი ირპენშიდონეცვკსა და ზაპოროჟიეში.

ევროპის უახლესი ისტორიის ყველაზე მძიმე ომის მსხვერპლი უკვე ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე გახდა. მსოფლიოს არ დაავიწყდება თავდასხმა მარიუპოლის თეატრზე. პუტინმა კარგად იცოდა, რომ ჭურვი ბავშვებს მოხვდებოდა. სამიზნე ამ შემთხვევაში ის შენობა აღმოჩნდა, რომელსაც გამაფრთხილებელი ნიშანი ჰქონდა. შენობა წარწერით ”ბავშვები” მტერმა მიზანში ამოიღო. თეატრის ნანგრევებში მოყოლილებს მესამე დღეა ეძებენ.

სისხლისმღვრელ ომში რუსეთის რეჟიმი ახალ ეტაპზე გადავიდა. სტრატეგიული ობიექტებზე მიტანილი იერიშების შემდეგ მტერმა მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა დაიწყო. პუტინის დავალებით, რუსი სამხედროები ჰუმანიტარული კატასტროფის პირას მყოფ ქალაქებს ალყაში აქცევენ და მათ ყველა გზას უკეტავენ, ქალაქის დატოვების მცდელობისას კი ცეცხლს პირდაპირ შეუიარაღებელ, მშვიდობიან მოსახლეობას უხსნიან. ადგილობრივებს ორი არჩევანი აქვთ - დარჩნენ საკუთარ მიწაზე, საკვების, წყლისა და მედიკამენტების გარეშე, ან გაიქცნენ და სცადონ ქალაქის დატოვება. ჰუმანიტარული კატასტროფის გამო აქ თითქმის ყველა დაჭრილი სასიკვდილოდ არის განწირული.

უკრაინის ისტორიაში მძიმე ფაქტად დაიწერა სამხედრო იერიში სკოლაზე. რუსულმა ბომბმა ქალაქ მერეფში მცხოვრები 21 ადამიანი მოკლა. ამ დრომდე სიცოცხლისთვის იბრძვის 25 დაჭრილი ადგილობრივი. ჭურვები ახლა უკვე თავშესაფრად გადაკეთებულ შენობებს ხვდება.

ხარკოვში გადაწვეს 7 ჰექტარზე გაშენებული აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ბაზარი. სავაჭრო პავილიონების სხვადასხვა ნაწილში ცეცხლი დაბომბვის შედეგად გაჩნდა. მტერმა იერიში გადამწვარ ბაზარზე მეორედაც მიიტანა. ამ დროს გარდაიცვალა ერთი მეხანძრე, ერთი კი დაშავდა.

რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში 112 ბავშვი დაიღუპა და დაშავდა 140-ზე მეტი. დაღუპულების ხსოვნის პატივსაცემად, ლვოვის ცენტრალურ მოედანზე გუშინ ცარიელი საბავშვო ეტლები მიიტანეს.

დღის ამბები