16 ნოემბერი 2024,   04:32
ვრცლად
საია "ოცნების" მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართულ ანგარიშსწორებას უწოდებს - რას პასუხობენ მმართველ გუნდში

"ქართული ოცნების" მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართულ ანგარიშსწორებას უწოდებს საია. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ მმართველი პარტიის დეპუტატებმა მას შემდეგ რაც პრეზიდენტის განცხადებების გამო სასამართლოსთვის მიმართვა დაანონსეს, პარლამენტში შეიტანეს პროექტი კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ.

პროექტის მიხედვით, სახელმწიფო ორგანოს შეეძლება კომპეტენციის შესახებ დავის წამოწყება მეორე ორგანოს წინააღმდეგ, მის მიერ გამოცემული არა მხოლოდ ნორმატიული აქტის, არამედ ასევე მოქმედების/უმოქმედობის საფუძველზეც. მოქმედი კანონით ეს ასე არ არის. არსებული კანონმდებლობით კომპეტენციის შესახებ დავის ფარგლებში მხოლოდ ნორმატიული აქტის გასაჩივრებაა დასაშვები.

საია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, არ დაუჭიროს მხარი ინიცირებული კანონპროექტის მიღებას და არ დაუშვას კანონმდებლობის პარტიულ ინტერესებზე მორგება.

საიას მმართველ გუნდში უპასუხეს. გივი მიქანაძე აცხადებს, რომ "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა ხდება. მიქანაძის თქმით, კონსტიტუციურ ორგანოს შეუძლია, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს კონსტიტუციური სარჩელით, როცა ხდება ნორმის გასაჩივრება და არა - კონკრეტული ქმედების.

"აღნიშნული ცდომილება ადრეც იყო ცნობილი, მაგრამ ჩვენ კონკრეტული ინიციატივა ამ დრომდე არ დაუნიცირებია იმის გამო, რომ შესაძლოა, ეს სპეკულაციების საგანი გამხდარიყო. სახეზე როცა გვაქვს, რომ პრეზიდენტმა ელჩის რამდენიმე კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა, მთავრობის გადაწყვეტილებაა, რომ შესაბამისი სარჩელით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი განიხილოს და დაადგინოს, რამდენად უფლებამოსილია, რომ თავისი ქმედებით ამ პირების დანიშვნა არ განახორციელოს," - განაცხადა მიქანაძემ

დღის ამბები