29 აგვისტო 2026,   01:05
ვრცლად
რუსეთის პრეზიდენტთან ჩემი შეხვედრის დროა, ამის გარეშე ბოლომდე ვერ გაიგებთ, რისთვის არიან ისინი მზად - ზელენსკი

უკრაინასა და რუსეთს შორის კომპრომისებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება უკრაინის საყოველთაო რეფერენდუმზე იქნება მიღებული - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ინტერვიუში განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ეს ეხება უსაფრთხოების გარანტიებს, ასევე დონბასისა და ყირიმის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების საკითხებს. უსაფრთხოების გარანტიების შესახებ კი საუბარი მოიცავს საკონსტიტუციო და საკანონმდებლო ცვლილებებსაც.

უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის აუცილებლობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ პუტინთან შეხვედრის გარეშე შეუძლებელია იმის გაგება, თუ რისთვის არის მზად მოსკოვი.

"ჩვენ არ გვიღებენ NATO-ში, რადგან ეშინიათ რუსეთის. სულ ეს არის. ჩვენ უნდა დავმშვიდდეთ, ვთქვათ, "კარგი, უსაფრთხოების სხვა გარანტიები". არიან NATO-ს ქვეყნები, რომლებსაც სურთ, გახდნენ უსაფრთხოების გარანტორები, რომლებსაც სამწუხაროდ, არ შეუძლიათ, უზრუნველყონ ალიანსში ჩვენი 100%-იანი წევრობა, თუმცა მზად არიან, გააკეთონ ყველაფერი, რაც NATO-ს უნდა გაეკეთებინა იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ალიანსის წევრები ვიქნებოდით. ვფიქრობ, ეს ნორმალური კომპრომისია.

მზად ვარ რუსეთის პრეზიდენტთან პირველ შეხვედრაზე ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საკითხი წამოვწიო. თუმცა, დარწმუნებული ვარ ამაზე გადაწყვეტილება ამ შეხვედრაზე არ იქნება მიღებული. მე ვუხსნიდი ყველა მომლაპარაკებელ ჯგუფს: როდესაც საუბრობთ ამ ცვლილებებზე, ისინი შეიძლება იყოს ისტორიული, ჩვენ არსად წავალთ, ჩვენ რეფერენდუმამდე მივალთ. ხალხმა უნდა თქვას და პასუხი გასცეს კომპრომისების ამა თუ იმ ფორმატებზე. ხოლო როგორი იქნებიან ისინი - ეს უკვე უკრაინასა და რუსეთს შორის ჩვენი საუბრისა და გაგების საკითხია. ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში, მზად ვარ წავიდე ყველაფერზე, თუ ჩემი ეს სვლა ხალხთან ერთად იქნება. უპირველეს ყოვლისა საჭიროა, ვიპოვოთ ფორმატი, რომელშიც ზოგადად გავიგოთ, სურს თუ არა რუსეთს ომის შეჩერება შეუძლია თუ არა ეს? და როგორც ჩვენ გვესმის დიახ, რადგან მას ბევრი რამის გამო შეექმნება პრობლემები - სანქციები, შიდა წნეხი, მაღაზიების ცარიელი თაროები, შესაძლო ცვლილებები პოლიტიკურ ლიდერშიპში და ა.შ

ვფიქრობ რუსეთის პრეზიდენტთან ჩემი შეხვედრის დროა. ამის გარეშე რეალურად ბოლომდე ვერ გაიგებთ, რისთვის არიან ისინი მზად, რომ ომი შეაჩერონ და რისთვის არიან მზად იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მზად არ ვართ გარკვეული ნაბიჯებისთვის," - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

დღის ამბები