16 ნოემბერი 2024,   04:55
ვრცლად
"ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ რუსულ საწვავზე დამოკიდებულებისგან" - კანადის პრემიერმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა უკრაინაში რუსეთის შეჭრა კიდევ ერთხელ დაგმეს

უკრაინას მხარდაჭერას უცხადებენ კანადა და ევროკავშირი. ერთობლივ კონფერენციაზე კანადის პრემიერ-მინისტრმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა უკრაინაში რუსეთის შეჭრა კიდევ ერთხელ დაგმეს.

ჯასტინ ტრუდომ და ურსულა ფონ დერ ლაიენმა ყურადღება რუსეთის ქმედებების წინააღმდეგ დასავლეთის ერთიან პოზიციაზე გაამახვილეს.

"ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ რუსულ საწვავზე დამოკიდებულებისგან. ამის საპასუხოდ, ევროკავშირი და კანადა სტრატეგიულ ენერგეტიკულ თანამშრომლობას ახალ დონეზე გადაიყვანენ. პუტინის სასტიკი ომის დაწყებიდან, ვხედავთ რომ ტრანსატლანტიკური საზოგადოება ძლიერად დგას, ერთიანია და მტკიცე. ვფიქრობ, ეს დიდი უპირატესობაა ჩვენს ძალისხმევაში მაქსიმალურად მხარი დავუჭიროთ უკრაინელ მეგობრებს. ეს ასევე აჩვენებს ჩვენი დაყოფის მიზნით პუტინის გეგმის წარუმატებლობას. ეს ერთიანობა ძლიერია ჩვენი ისტორიაში გაუტეხელი კავშირების, საერთო ღირებულებებისა და ჩვენი მტკიცე ერთგულების წყალობით წესებზე დაფუძნებული გლობალური წესრიგისადმი," - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

"უკრაინაში შეჭრა, რა თქმა უნდა, მიუღებელია. გუშინ პრეზიდენტ ზელენსკის ვესაუბრე, ჩვენ განვიხილეთ მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის რაოდენობის ზრდა და გავიმეორე მოწოდება, შეწყდეს რუსული თავდასხმები, რუსეთმა გაიყვანოს ძალები და შეწყვიტოს ომის დანაშაულების ჩადენა. ჩვენ დავპირდით, რომ კანადა გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას მთელი გულით, მაგრამ როგორც ურსულამ თქვა, ეს არ არის ის, რაც რომელიმე ჩვენგანმა მარტო უნდა გააკეთოს. ჩვენ ერთიანები ვართ, არამხოლოდ ჩვენი მეგობარებისა და უკრაინის მხარდასაჭერად, არამედ მხარს ვუჭერთ ღირებულებებს, რომლებიც საფუძვლად უდევს ჩვენს დემოკრატიებს," - განაცხადა ტრუდომ.

დღის ამბები