ომის 30-ე დღე უკრაინაში - რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში კიდევ ორი ბავშვი მოკლეს: მარიუპოლში 11 წლის გოგონა, იასნაია პოლიანაში კი 14 წლის ბიჭი დაიღუპა. მარიუპოლში ასევე დაღუპულია კიდევ ერთი ზრდასრული და დაჭრილია 5 ადამიანი.
კიევის ოლქში ხანძრის გამო, ძლიერი დაკვამლიანებაა. ქალაქის ხელისუფლება მოუწოდებს კიევის მოსახლეობას, დახურონ ფანჯრები, მოერიდონ ღია ცის ქვეშ ყოფნას, ჩართონ კონდიცირებისა და ჰაერის გამწმენდი სისტემები. ამასთან, საქალაქო ადმინისტრაცია მოსახლეობას მოუწოდებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და ისარგებლონ ინფორმაციის ოფიციალური წყაროებით.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსებმა საჰაერო იერიშები მიიტანეს დნიპროზე. უკრაინელმა სამხედროებმა რუსების მიერ ოკუპირებულ ბერდიანსკის პორტში სადესანტო ხომალდი "სარატოვი" გაანადგურეს, დაზიანდა კიდევ ორი ხომალდი.
ბოლო ინფორმაციით, რუსეთი წარუმატებლად ცდილობს კიევის ალყაში მოქცევას. რუსეთის ჯარებმა დედაქალაქიდან ზოგიერთ ნაწილში 70 კილომეტრით უკან დაიხიეს, რამდენიმე ტერიტორიაზე კი შედარებით ახლოს, 35 კილომეტრის მოშორებით არიან განთავსებულები.
CNN-ის ინფორმაციით, უკრაინამ აშშ-ის მთავრობას საჭირო სამხედრო დახმარების განახლებული სია გადასცა, რომელშიც აღნიშნულია, რომ უკრაინას ყოველდღიურად ესაჭიროება ამერიკული წარმოების "სტინგერის" ტიპის 500 საზენიტო და ამდენივე "ჯაველინის" ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა.