28 აგვისტო 2026,   06:50
ვრცლად
ამ წუთებში, პროკურორთა კონფერენციაზე კენჭისყრა მიმდინარეობს

ამ წუთებში, პროკურორთა კონფერენციაზე კენჭისყრა მიმდინარეობს. კონფერენციის მონაწილეებმა უნდა აირჩიონ საპროკურორო საბჭოს სამი წევრი. მათ კანდიდატებს უკვე მოუსმინეს. კონფერენციას ესწრება გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძეც.

"ბოლო წლებში გატარებული რეფორმების მიზანი იყო პროკურატურის დამოუკიდებლობის გაძლიერება. კონფერენციის მიერ არჩეული საპროკურორო საბჭოს წევრები უშუალოდ არიან ჩართულები და მონაწილეობენ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში, როგორიც არის პროკურატურის სტრატეგიული განვითარება, სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრა, პროკურატურის თანამშრომელთა შერჩევა, დაწინაურება, შეფასება, დისციპლინარული პასუხისმგებლობა და, ასევე, გენერალური პროკურორის კანდიდატურის შერჩევა. რეფორმების შედეგად, საპროკურორო საბჭოს წევრების არჩევა პროკურორების და პროკურატურის გამომძიებლების ნებას დაექვემდებარა და სწორედ ამიტომ არის ეს რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანი,"- განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.

განცხადება გააკეთა აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის რეზიდენტმა ლენა ოუენსმაც.

"საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების ფარგლებში ერთ-ერთია სამართლებრივი ურთიერთობა. ჩვენ ვიღვწით იმისთვის, რომ პროკურორის გადაწყვეტილება მთლიანად იყოს დაფუძნებული მტკიცებულებებზე და კეთილსინდისიერებაზე. დღევანდელი არჩევნებიც ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი,"- აცხადებს ოუენსი.

დღის ამბები