03 მაისი 2024,   01:13
ვრცლად
პოლიტიკური ანგარიშსწორება პრეზიდენტის მიმართ თუ იურიდიული ხარვეზის გასწორება - "ოცნების" ინიცირებული ცვლილებები კვლავ განხილვის თემაა

"ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული სადავო კანონპროექტის განხილვა საპარლამენტო კომიტეტებმა უკვე დაიწყეს. საუბარია "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე, რომელიც "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის დაანონსების შემდეგ შეიტანეს. საკითხს საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით განიხილავს. ოპოზიცია პროექტს პრეზიდენტის მიმართ ანგარიშსწორებად აფასებს.

"მოტივაცია გაჩნდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა უმრავლესობისგან განსხვავებული პოზიციები დააფიქსირა და უმრავლესობამ გადაწყვიტა ჯერ იმპიჩმენტის საკითხის შესწავლით დაინტერესებულიყო, მერე სასამართლოში წასულიყო, აღმოაჩინა, რომ კანონი ამის საშუალებას არ აძლევდა და ახლა კანონში ცვლილების შეტანის გზით, იადვილებენ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობას. არ არის სწორი, როდესაც გვეუბნებიან, რომ კონსტიტუციასთან შეუსაბამოა კანონი და და სასწრაფოდ, 60 დღეში უნდა გავასწოროთ, თორემ დაიქცა ქვეყანაო, გეტყვით, რომ 20 წელზე მეტია ეს ნორმები ასეთი სახითაა მოცემული ჩვენს კანონმდებლობაში,"- აცხადებს ფრაქცია "ლელოს" თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი, პაატა მანჯგალაძეც ფიქრობს, რომ უმრავლესობას სურს პრეზიდენტს "ჭკუა ასწავლოს".

"საკონსტიტუციო ცვლილებას აქვს ორი მიზანი: ერთი - ყურადღების გადატანა სამართლებრივ კაზუისტიკაში და მეორე - პრეზიდენტს ასწავლონ ჭკუა. ეს პროცედურა ემსახურება იმას, რომ შეზღუდონ პრეზიდენტი კონსტიტუციით განსაზღვრულ ფუნქციებში და ყველა ქმედება, რომელიც არ მოეწონება ირაკლი კობახიძეს, გაასაჩივროს საკონსტიტუციო სასამართლოში. ამას ემსახურება მხოლოდ, არანაირი ქვეყნის ინტერესი ეს არ არის,"-აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი კი აცხადებს, რომ ცვლილება ხარვეზის გასწორებას ეხება და ოპოზიცია თემას პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებს.

"საქართველოს პრეზიდენტის და მთავრობის კომპეტენციებთან დაკავშირებით, მაგალითად, ელჩების დანიშვნის დროს, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, თავისუფლად შესაძლებელია, რომ რომელიმე კონსტიტუციურმა ორგანომ საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანოს სარჩელი და მოხდება ამ სასამართლოს მიერ კომპეტენციათა განმარტება. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში, ეს პროცედურა, სამწუხაროდ, ეწინააღმდეგება კონსტიტუციის ჩანაწერს და სწორედ ამის გასწორება ხდება ახლა. ძალიან ცუდია, რომ ოპოზიციას მეტის დანახვის საშუალება აღარ აქვს,თუმცა, ვფიქრობ, კარგად ხვდებიან, რომ ეს არის წმინდა სამართლებრივი ტექნიკის საკითხი, მაგრამ უნდათ ესეც გამოიყენონ პოლიტიკური სპეკულაციებისთვის," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები