02 მაისი 2024,   12:34
ვრცლად
ცხოვრება ომის რეჟიმში - გამოცემა "ეკონომისტი" წერს, რომ ოკუპანტების მიერ გატაცებული უკრაინის მერების ნაწილი გაუჩინარებულია, ნაწილი დაიღუპა

ომის 33-ე დღეს განგაშის სიგნალი კიევში კვლავ ისმის. ქალაქმა უკვე ისწავლა ომის რეჟიმში ცოხვრება. დღეიდან უკრაინის დედაქალაქში ონლაინრეჟიმში სასწავლო პროცესი განახლდა. კომენდანტის საათისა და მკაცრი შეზღუდვების მიუხედავად, ქუჩაში ხალხი მაინც გადაადგილდება, მუშაობას არ წყვეტენ საქალაქო სამსახურებიც .

თანამებრძოლებმა დღეს კიევში, მაცხოვრის სახელობის ტაძარში დაასვენეს კიდევ ერთი დაღუპული ქართველი მებრძოლი. დავით გობეჯიშვილი საარტილერიო იერიშის დროს კიევის ოლქში ქალაქ ირპენში დაიღუპა. ის მეოთხე მოხალისე ქართველი მებრძოლია, რომელიც უკრაინაში რუსულ აგრესიას ემსხვერპლა.

რუსული აგრესიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი უკრაინაში ყოველდღიურად მატულობს. ვოლოდიმირ ზელენსკიზე დაყრდნობით "ეკონომისტი" წერს, რომ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მერების ნაწილი დაღუპულია, ნაწილი კი გაუჩინარებული. ბრიტანული პრესის მტკიცებით რუსებს ზელენსკის ლიკვიდაციაც სურთ. დეილი მეილის სტატიის მიხედვით უკრაინელებმა 25 კაციანი დაჯგუფება ტყვედ უშგოროდში აიყვანეს. და ამ ჯგუფის მიზანი უკრაინის პრეზიდენტის ფიზიკური განადგურება იყო.

ომის 33-ე დღეს ინტენსიურად იბომბებოდა კიევის ოლქში მდებარე სოფლები და დასახლებული პუნქტები. სოფელი სტოიანკა მიწასთან არის გასწორებული, დაბომბილია სოფელი ბიშივიც. საცხოვრებელი სახლების გარდა დამწვარია კულტურული ცენტრი და საბავშვო ბაღიც. ადგილობრივები ამბობენ, რომ დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობა დიდია.

ყველაზე მძიმე მდგომარეობა დონეცკის ოლქის ქალაქ მარიუპოლშია. ქალაქი სრულ ალყაშია, თუმცა უკრაინის შეიარაღებული ძალები მარიუპოლის ცენტრს კვლავ აკონტროლებენ. ქალაქის მერის განცხადებით 160 000-მდე მცხოვრები მარიუპოლის დატოვებას ვერ ახერხებს და სარდაფებში ცხოვრობს.

ბოლო 24 საათში 64-ჯერ დაიბომბა ქალაქი ხარკოვი. მაშველები, ნანგრევებში ამ დრომდე დაკარგულ ადამიანებს ეძებენ. უკრაინული მედია წერს რომ ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში რუსული არმიის მხრიდან ბოლო 24 საათში 5 მასიური შეტევა განხორციელდა. დაღუპულია ერთი ადმიანი, არიან დაშავებულებიც.

რუსულ აგრესიას ათასობით მშვიდობიანი მცხოვრები უკვე ემსხვერპლა უკრაინის სახალხო დამცველის მონაცემებით ამ დრომდე დაიღუპა 143 ბავშვი. ქვეყანა კი 4 მილიონამდე უკრაინელმა დატოვა.

დღის ამბები