მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში ახლა სტამბოლია, სადაც ამ წუთებში უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. დოლმაბაჰჩეს სასახლეში მხარეები ერთ მაგიდასთან სხედან და პოზიციებს განიხილავენ. მანამდე დელეგაციებს თურქეთის პრეზიდენტი შეხვდა და სიტყვით მიმართა.
"მივესალმებით თქვენ ძალისხმევას მშვიდობისთვის. მოლაპარაკებები, რომელშიც ჩართული ხართ ზრდის მოლოდინს და აჩენს მშვიდობის მიღწევაზე იმედს. კონფლიქტი მე-5 კვირაა მიმდინარეობს, ეს კი ჩვენ როგორც თქვენს მეზობელსა და მეგობარს ძალიან გვაწუხებს.
კრიზისის პირველი დღიდან ესკალაციის პრევენციისთვის ყველა დონეზე თურქეთი ძალისხემვას არ იშურებს. ძალიან ბევრი ვიმუშავეთ დიპლომატიური კუთხით ჩემს კოლეგებთან. ჩვენ ვმუშაობთ, რომ მსგავსი სცენარი არ განმეორებულიყო შავი ზღვის ჩრდილოეთით. არავის ინტერესში არ შედის და არავის აძლევს სარგებელს კონფლიქტის გახანგრძლივება.
ყოველი ადამიანი, რომელიც კვდება, ყოველი შენობა, რომელიც ინგრევა, ყველა რესურსი, რომელიც იმარხება არის ღირებულებები, რომლებიც ჩვენს მომავალს არ გამოადგება. ახლა მხარეებზეა დამოკიდებული, რომ შეაჩერონ ეს ტრაგედია. ყველასთვის სარგებლის მომტანია ცეცხლის შეწყვეტა და მშვიდობის გამოცხადება, და თან რაც შეიძლება მალე. ჩვენ შევედით ისეთ ფაზაში, რომელიც მოითხოვს ამ მოლაპარაკებიდან კონკრეტულ შედეგებს. თქვენ როგორც თქვენი ქვეყნის დელეგაციებს გაკისრიათ ისტორიული პასუხისმგებლობა, მთელი მსოფლიო თქვენგან კარგ ამბავს ელოდება.
შესაძლებელია მიღწეული იყოს ისეთი გამოსავალი, რომელიც პასუხობს ორივე მხარის ლეგიტიმურ შეშფოთებებს, გამოსავალს, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება სანდოდ მიიჩნევს. იმედი მაქვს, რომ მშვიდობის დასამყარებლად ინიციატივებს თავს არ აარიდებთ. შეთავაზებები მაგიდაზეა და საბოლოო მშვიდობისთვის კომპრომისი უნდა იქნას მიღწეული. იმ პროგრესს, რასაც ახლა მოლაპარაკებაზე მიაღწევთ, გაგიკვალავთ გზას შემდგომი მოლაპარაკებისთვის უკვე ლიდერების დონეზე. ჩვენ კი მზად ვართ ასეთ შეხვედრას ვუმასპინძლოთ," - განაცხადა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა.
აქვე აღსანიშნავია, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოლაპარაკებების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე განაცხადა, რომ უკრაინული დელეგაცია რუსეთთან მოლაპარაკებებზე რეფერენდუმის ჩატარებას არ განიხილავს. დმიტრო კულებას განცხადებით, რომელი რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს და რომელი არა - ეს უკრაინის გადასაწყვეტია და მოლაპარაკებების საგანი არ არის.