22 ნოემბერი 2024,   13:44
ვრცლად
განახლება: ვიტალი კლიჩკოს ინტერვიუ Fox News-თან არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა

rustavi2.ge-ზე გამოქვეყნდა სტატია, რომ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ დასავლეთს მიმართა და რუსეთის უკრაინაში შეჭრის თანამონაწილედ დაასახელა.

კერძოდ, სტატია გამოქვეყნდა შემდეგი სათაურით - „თქვენ ხართ ნაწილი ამ შემოჭრის, დაღვრილი სისხლი თქვენს ხელებზეცაა, თუ გააგრძელებთ ვაჭრობას რუსეთთან, გამოდის ჩვენთვის მოგაქვთ ტყვიები და რაკეტები – კლიჩკო დასავლეთს“.

რეალურად, როგორც „ფაქტ ჩეკერი“ იუწყება, აღნიშნული განცხადება არა კიევის მერს, ვიტალი კლიჩკოს, არამედ მის ძმას ვლადიმირ კლიჩკოს ეკუთვნის.

გარდა ამისა, ირკვევა, რომ კლიჩკო არა დასავლეთს, არამედ ამერიკელთა იმ მცირე ჯგუფს მიმართავს, მათ შორის - Fox News-ის წამყვან ტაკერ კარლსონს, რომელიც თვლის, რომ ომი უკრაინაში ამერიკელების პრობლემა არ არის.

ვიტალი კლიჩკომ 28 მარტს, ტელეკომპანია Newsmax-სთან უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ ინტერვიუ ნამდვილად მისცა, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ქმედებები „წმინდა გენოციდად“ მოიხსენია. ინტერვიუში წამყვანმა ვლადიმირ კლიჩკოს მიმართა შეკითხვით: „ თქვენ გაქვთ ამერიკელი ხალხის 2/3-ის მხარდაჭერა, თუმცა არსებობს კიდევ მცირე ჯგუფი, რომელსაც მიაჩნია, რომ რაც ხდება უკრაინაში აშშ-ის პრობლემა არ არის. მათ შორის არიან, ძალიან ცნობილი სატელევიზიო წამყვანი, ტაკერ კარლსონი, ქენდის ოუენსი, კონსერვატორები, რომლებიც არ ვიცი, რატომ, თუმცა თქვენ და უკრაინას მხარს არ გიჭერენ. რას ეტყოდით ამ ადამიანებს?“.

ვიტალი კლიჩკომ კი უპასუხა - „თქვენ თუ პასიურად აკვირდებით ყველაფერს და ჩვენ ისევე ვიზიარებთ საერთო პრინციპებს თავისუფლებისა და დემოკრატიის შესახებ, როგორც შეერთებული შტატები და როგორც დანარჩენი მსოფლიო და მაინც პასიურად უყურებთ ყოველივეს, მაშინ თქვენ ხართ ნაწილი ამ შემოჭრის, დაღვრილი სისხლი კი თქვენს ხელებზეცაა. თუ თქვენ გააგრძელებთ ვაჭრობასა და ბიზნესს რუსეთთან, არ მოახდენთ რუსეთის ეკონომიკურ იზოლირებას, მაშინ გამოდის, რომ თქვენ რუსეთის არმიისთვის ტყვიები და რაკეტები მიგაქვთ, რომელიც კლავს უდანაშაულოებს. შემაშფოთებელი ფოტოები ჩემი ქვეყნის, კაცების, ქალების, ბავშვების, რომლებიც ტირიან, მშობლებს ეძებენ და ვერ პოულობენ სრულ კატასტროფაში. თქვენ უნდა გრძნობდეთ ამ ყველაფერთან კავშირს და თუ თქვენ პასიურად აკვირდებით ყოველივეს და არაფერს აკეთებთ, მაშინ თქვენ ამ უაზრო ომის ნაწილი ხართ. მოაქციეთ იზოლაციაში, სხვადასხვა დონეზე ბანკებსა და ვაჭრობაში, ნავთობის ყიდვა არის სისხლის დაღვრა უკრაინის მიწაზე. იფიქრეთ ამაზე, იმოქმედეთ ახლავე, რადგან ხვალ ძალიან გვიან იქნება“.

დღის ამბები