22 ნოემბერი 2024,   18:00
ვრცლად
"პირველი სხდომის პარალელურად იქნება თუ არა საპროტესტო აქცია, გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ არსებობს" - ირაკლი კუპრაძე

ორშაბათს დილით ახალი პარლამენტი პირველად შეიკრიბება. სხდომაზე უნდა ცნონ 150 დეპუტატის უფლებამოსილება. აქედან 89 "ქართული ოცნების", 61 კი ოპოზიციის მანდატია.

ბარიერ-გადალახული ოპოზიციური კოალიციები აცხადებენ, რომ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემენ, საკანონმდებლო ორგანოში არ შევლენ და სხდომას ქუჩიდან გააპროტესტებენ.

საკუთარი გეგმა აქვს "ქართულ ოცნებას". ორშაბათს პარლამენტს ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა წარედგინება.

უფლებამოსილების ცნობასთან ერთად, დეპუტატები ორშაბათს აირჩევენ პარლამენტის თავმჯდომარეს, მოადგილეებს და კომიტეტების ხელმძღვანელებს. პარლამენტის სპიკერის პოსტზე მმართველმა გუნდმა შალვა პაპუაშვილი დაასახელა.

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრის ირაკლი კუპრაძის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია გაიმართება თუ არა პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად საპროტესტო აქცია.

"პირველი სხდომის პარალელურად იქნება თუ არა საპროტესტო აქცია, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ არსებობს, თუმცა სადაც შეიძლება დაიგეგმოს ან დაანონსდეს მანიფესტაცია გაყალბებული არჩევნები წინააღმდეგ და ამ ქვეყანაში ევროპული მომავლის დასაცავად, ჩვენ ვიდგებით ერთად, ვინც არ უნდა იყოს მისი ავტორი, ორგანიზატორი თუ ა.შ. ჩვენ ვიქნებით ყველგან, სადაც იქნება ქართველი ხალხის ნება და სურვილი, რომ დავიცვათ არჩევნები და დავიცვათ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი", - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მდივნის, გიორგი ბარამიძის თქმით, მათი კოალიცია პარლამენტში შესვლას არ აპირებს.

"როგორც თქვა "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელობამ, არავინ არ აპირებს პარლამენტში შესვლას. ბუნებრივია, ეს პარლამენტი არალეგიტიმურია და არალეგიტიმურად დარჩება", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

დღის ამბები