27 დეკემბერი 2024,   08:23
ვრცლად
"ჩანს, რომ სალომე ზურაბიშვილი კვლავ არღვევს კონსტიტუციას და არ ნიშნავს პირველ სხდომას... კონსტიტუციის 38-ე მუხლის ვალდებულებიდან გამომდინარე, პირველი სხდომა გაიმართება 25 ნოემბერს, დაიწყება 12:00 საათზე" - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მე-11 მოწვევის პარლამენტი 25 ნოემბერს შეიკრიბება, სხდომა კი 12:00 საათზე დაიწყება, რომელსაც პარლამენტის უხუცესი დეპუტატი ლადო კახაძე წარუძღვება.

პაპუაშვილის თქმით, პირველი სხდომა, ცესკოს შედეგების გამოცხადებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში პრეზიდენტს უნდა მოეწვია, თუმცა, როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ზურაბიშვილმა კვლავ დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია.

"საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის შესაბამისად, ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არა უგვიანეს 10 დღისა.

ჩანს, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი კვლავ არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და არ ნიშნავს პირველ სხდომას, როგორც იცით, ამავე მუხლით, განაწესით მან უნდა განსაზღვროს ამ ათი დღის განმავლობაში რომელ დღეს უნდა გაიმართოს სხდომა, შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის ვალდებულებიდან გამომდინარე, საქართველოსვე პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება 25 ნოემბერს, დაიწყება 12:00 საათზე.

ცესკომ უკვე გააკეთა ამაზე განცხადება, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ უკვე არის გამზადებული არჩეულ წევრთა დროებითი მანდატები, ამიტომ, ყველა არჩეულმა წევრმა ეს დროებითი მანდატი ცესკოსგან უნდა აიღოს. 25 ნოემბერს, 11:00 საათიდან დაიწყება რეგისტრაცია. რეგისტრაცია წერილობითია, ვინაიდან ჯერ ელექტრონულ სისტემაში არ არიან ახალი პარლამენტის წევრები შეყვანილნი და პარლამენტის სხდომათა დარბაზთან იქნება სიის მეშვეობით ახლად არჩეული წევრების რეგისტრაციის გატარება 11:00 საათიდან, ხოლო 12:00 საათზე დაიწყება ახლად არჩეული პარლამენტის სხდომა, რომელსაც წარუძღვება მისი უხუცესი წევრი, ბატონი ლადო კახაძე, ისევე როგორც მე-10 მოწვევის პარლამენტის შემთხვევაში იყო", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები